19 წლის თვითნასწავლი ხელოვანი ყვარლიდან
ყვარელში მცხოვრები 19 წლის ელენე ტეტოშვილი თვითნასწავლი მხატვარია. ახალგაზრდა ამბობს, რომ ხატვა ბავშვობიდან უყვარდა, თუმცა იურიდიულ ფაკულტეტზე ჩაბარება გადაწყვიტა.
ელენე ახლა იურიდიული ფაკულტეტის მეორე კურსის სტუდენტია, პარალელურად საყვარელ საქმიანობას აგრძელებს და ბავშვებს ასწავლის ხატვას. ახალგაზრდა, ასევე, ქარგავს და ქვაზე და ვაზის ფოთოლზეც ხატავს.
,,ყვარელში დავიბადე და გავიზარდე. ვსწავლობ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში, ვარ სამართლის ფაკულტეტის მეორე კურსის სტუდენტი. ადვოკატის პროფესიით ფერწერამდე დავინტერესტი, რაც საკმაოდ გვიან მოხდა. ხატვა 12 წლის ასაკში დავიწყე
ყველა მასალაში და ტექნიკაში მაქვს ნამუშევრები. შესაბამისად, ჩემი შემოქმედება კონკრეტულ ჟანრს არ მოიცავს. თუმცა, მეტად მიყვარს და მსიამოვნებს პორტეტების ხატვა აკვარელში.
ხატვა გვიან დავიწყე და პირველი ნახატებიც ხელის სავარჯიშოები იყო, მაგრამ თუ ჩემს მოტივაციას გავიხსენებ ეს იყო ნაქარგები, რამაც მაფიქრებინა მეცადა ხატვაც. ახლა ერთადერთი ბავშობის ნაქარგი მაქვს შემორჩენილი. თამამად ვიტყვი, რომ ყველაფერი ამ ნაქარგით დაიწყო და ეს გახდა ჩემი მოტივაცია.
ბავშობის ნაქარგი-ახლა რაც შეეხება ბიძგს, თავდაპირველად ეს იყო დიდი ინტერესი; შემდგომ კი ხატვა შემიყვარდა და ყველაფერი ბევრად მარტივი გახდა”,- აცხადებს Knews.ge-სთან საუბრისას ელენე ტეტოშვილი.
ელენე ფიქრობს, რომ მისი ნამუშევრები სხვებისგან განსხვავებულია, მისი ინსპირაციის წყარო კი ბუნებაა. ახალგაზრდას ასევე, 20 მოსწავლე ყავს, რომლებსაც ხატვას ასწავლის.
,,არ ვფიქრობ, რომ ვინმესთან შედარებით ჩემი ნამუშევრები განსაკუთრებულია. მაგრამ ყველა მხატვარი იმდენ ენერგიას დებს ნახატში, ყველა შემოქმედის ნამუშევარი ენერგეტიკულად განსხვავდებული ხდება ერთმანეთისგან.
ასევე, ხატვას ვასწავლი ბავშვებს და მოზარდებს. როცა ეს გადავწყვიტე მეგონა ხელს შემიშლიდა სწავლაში, დროის უქონლობის გამო, მაგრამ მაგალითად, ამ კვირაში შუალედურებში უმაღლესი შეფასებები მივიღე.
დღესდღეობით 20 მოსწავლე მყავს და დროის არ ქონის გამო ვერ ვახერხებ მეტი მოსწავლის აყვანას.
მოსწავლებს სახლში ვიღებ და ვცდილობ, სწავლის გარდა, მოსწავლებთან საერთო ინტერესები გამოვნახო და ვიმეგობრო”,– აცხადებს ელენე.
ახალგაზრდამ თავისი ნამუშევრების პოპულარიზაციისთვის, ფეისბუქ გვერდი შექმნა, სადაც თავის ნახატებს დებს. ის ასევე შეკვეთებს სოციალური ქსელის საშუალებით იღებს.
,,ადრე ინსტაგრამს ვიყენებდი ჩემი ნამუშევრების განსათავსებლად ახლა ფეისბუქის გვერდი შევქმენი. ბოლო პერიოდია ვყიდი ნახატებს. დიდი დაინტერესება მოდის ემიგრანტებისგან, საქართველოს პეიზაჟებზე. ხოლო ქართველები უმეტესად ახლობლის პორტეტებით ინტერესდებიან.”
ნახეთ ელენეს ნამუშევრები: