ავტომობილების ვიზუალურ გამონაბოლქვზე კონტროლი დაწესდება
ავტოსატრანსპორტო საშუალებათა ტექნიკურ დათვალიერებასა და ვიზუალურ გამონაბოლქვზე კონტროლი დაწესდება – საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი პარლამენტში საგაზაფხულო სესიაზე დაინიცირდება.
აღნიშნული გადაწყვეტილება გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტში ავტოსატრანსპორტო საშუალებების გამონაბოლქვისა და ეკოტრანსპორტის დანერგვის ხელშეწყობის საკითხების შემსწავლელი სამუშაო ჯგუფის შეხვედრაზე იქნა მიღებული. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პარლამენტის პრეს-სამსახური ავრცელებს.
„იმედს გამოვთქვამ, რომ მომდევნო წელი საკვანძო წელი აღმოჩნდება როგორც ადამიანური რესურსით, ასევე ტექნიკური ინფრასტრუქტურით შეიარაღების თვალსაზრისით, იმისთვის, რომ ვიზუალური გამონაბოლქვის საკითხი ერთხელ და სამუდამოდ გადაიჭრას. იმიტომ, რომ სახელმწიფო რეალურად დიდ ინვესტიციებს დებს, როგორც საბიუჯეტო სახსრების, ასევე სესხების აღების კუთხით, როგორც ავტოტრანსპორტის პარკის ჩანაცვლების თვალსაზრისით, ასევე ადამიანთა ჯანმრთელობის გასაუმჯობესებლად. შესაბამისად გრძელვადიან პერსპექტივაში, საკითხი, რომელსაც იმედია უახლოეს პერიოდში დავარეგულირებთ, ძალიან დიდი დადებითი ეფექტის მომტანი იქნება ყველა ჩვენგანისთვის“, – განაცხადა გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარემ მაია ბითაძემ.
მაია ბითაძემ ასევე ხაზი გაუსვა, ტექნიკური რეგლამენტების, რომლებიც ხმარებიდან ამოღებული სატრანსპორტო საშუალებებისა და მათი ნაწილების, როგორც ნარჩენების მართვას შეეხება, მიღებისა და ამოქმედების მნიშვნელობას და შესაბამის უწყებებს მოუწოდა აღნიშნული დადგენილებების დროულად ამოქმედების უზრუნველყოფისკენ. კომიტეტის თავმჯდომარემ ასევე აღნიშნა, რომ სამუშაო ჯგუფის ფარგლებში მომზადდება რეკომენდაციები სამუშაო ჯგუფში განხილულ საკითხებზე და დაიგზავნება უწყებებთან. შესაბამისად, მან საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის და შინაგან საქმეთა სამინისტროებს მიმართა თხოვნით, რომ დროულად გამოგაგზავნონ კომიტეტში კანონპროექტის შეჯერებული ტექსტი.