საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ყოფილმა დირექტორმა ლაგოდეხის მერს სასამართლოში უჩივლა
ლაგოდეხის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ყოფილმა ხელმძღვანელმა, ნუნუ ნოზაძემ ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერს, ჯონდო მდივნიშვილს სასამართლოში უჩივლა.
ნოძაზე მისი განთავისუფლების შესახებ გამოცემული ბრძანების ბათილობას და თანამდებობაზე აღდგენას ითხოვს. მის ინტერესებს სასამართლოში პროფკავშირი იცავს.
სასამართლომ მოსარჩელის არგუმენტაცია გაიზიარა და ლაგოდეხის მერს, დავის დასრულებამდე, ჯანდაცვის ცენტრის ახალი დირექტორის დანიშვნა აუკრძალა.
ნუნუ ნოძაზეს თქმით, ლაგოდეხის მერმა ის სამსახურიდან უკანონოდ, პანდემიასთან დაკავშირებული განსხვავებული მოსაზრებების გამო გაანთავისუფლა.
“არ ვეთანხმებოდი მერს პანდემიის დროს, ხალხმრავალი ღონისძიებების მოწყობაში. გარდა ამისა, ზეგანაკვეთური ანაზღაურება, რომელსაც დაავადებათა კონტროლის ცენტრი გვირიცხავდა, არ ვიცი რა მოსაზრებით, არ გვაძლევდა. მაქვს იმედი, რომ აბსურდულ ბრძანებას სასამართლო ბათილად ჩათვლის,”- განაცხადა ნოზაძემ.
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერის, ჯონდო მდივნიშვილის თქმით, ნუნუ ნოზაძეს გათავისუფლება კანონის შესაბამისად მოხდა და მასთან არანაირი უთანხმოება არ ჰქონია.
შეგახსენებთ, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერმა საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორი თანამდებობიდან ნოემბრის თვეში გაათავისუფლა. დირექტორის მოვალეობას, ამჟამად, ნოძაზის ყოფილი მძღოლი ასრულებს, რომელსაც ენტომოლოგიის მიმართულებით ერთთვიანი გადასამზადებული კურსები, 6 წლის წინ აქვს გავლილი.