ახალი ამბები

ყვარელი-ლაგოდეხის გზასთან, სავარაუდოდ „საქარავნე გზის“ ხიდი აღმოაჩინეს

ყვარელი- ლაგოდეხის დამაკავშირებელ ცენტრალურ გზასთან, სოფელ მთისძირის მიმდებარე ტერიტორიაზე აღმოაჩინეს აგურით ნაშენები ხიდი, რომელიც სპეციალისტების წინასწარი ინფორმაციით, ირანიდან მომავალი “საქარავნე გზის” შემადგენელი ნაწილი უნდა იყოს.

ლაგოდეხის მხარეთმცოდნეობის მუზეუმის ხელმძღვანელის დავით ყვავაძეს ინფორმაციით, ხიდი შემთხვევით ერთ-ერთმა ადგილობრივმა მწყემსმა იპოვა. მისივე თქმით, ხიდი სავარაუდოდ 15-ე 16-ე საუკუნეებში უნდა იყოს აშენებული.

“სოფელ აფენში ერთ-ერთმა მწყემსმა, საქონლის ძოვებისას შემთხვევით ნახა ეს ხიდი, რომელიც ნაწილობრივ მიწით იყო დაფარული. მას თანასოფლელისთვის უთქვამს, რომ დიდი რაოდენობით აგური იპოვა და დაინტერესდა შეეძლო თუ არა სახლში წაეღო. როდესაც ეს ადამიანი ადგილზე მივიდა, ნახა, უძველესი ხიდი და მაშინვე მიხვდა, რომ ეს შეიძლება ისტორიული ნაგებობა ყოფილიყო. მან მე დამირეკა და ინფორმაცია მომაწოდა.

პირველ რიგში უნდა მოხდეს ხიდის გასუფთავება ეკალ-ბარდისგან და იქ უნდა განთავსდეს ბანერი, რომ მას იცავს სახელმწიფო. მერიაში მითხრეს, რომ აღნიშნულ სამუშაოებს შეასრულებენ. შემდგომი კვლევები კი ძეგლთა დაცვის სააგენტოსგან იქნება ჩასატარებელი. ეს არის ნამდვილად აღმოჩენა. აქ იყო საქარავნე გზა, რომელიც ირანიდან მოდიოდა და სრულდებოდა გრემში. გზა უწინდელი ჰერეთის, ახლანდელი ლაგოდეხის ტერიტორიაზე გადიოდა. აღსანიშნავია, რომ ლაგოდეხში ორ ადგილზე შემორჩენილია ქარვასლა თავისი კოშკურებით, სადაც ქარავანი ჩერდებოდა და იქ მყოფები ისვენებდნენ. ახალი აღმოჩენა შეიძლება შევიდეს ტურისტულ მარშრუტში“ – ამბობს დავით ყვავაძე.

მისი თქმით, ახლა წერილს ამზადებს, რომლითაც ძეგლთა დაცვის სააგენტოს შემდგომი სამუშაოების ჩასატარებლად დახმარებას სთხოვს.