ზურაბ ზვიადაურის საქმეზე თელავის სასამართლომ ნაფიც მსაჯულთა შერჩევა დაიწყო
წინანდლის ტყეში მომხდარ მკვლელობაში ბრალდებული სპორტსმენის, ზურაბ ზვიადაურის საქმეზე თელავის რაიონულმა სასამართლომ ნაფიც მსაჯულთა შერჩევა დაიწყო.
დღევანდელ სასამართლო პროცესზე ტექნიკურ საკითხებზე იმსჯელეს, ნაფიც მსაჯულთა შერჩევა კი 2022 წლის 21 იანვრიდან განახლდება. რაც შეეხება წინანდლის ტყეში მომხდარ დაპირისპირებაში მონაწილე კიდევ ერთ პირს, ჯაბა ჯანგირაშვილს, მისი საქმე ცალკე წარმოებად გამოიყო, ვინაიდან მის საქმეს ბრალიდან გამომდინარე ნაფიცი მსაჯულები ვერ განიხილავენ.
ჯანგირაშვილმა სასამართლო პროცესის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა. მისი განმარტებით, გარდაცვლილი კენჭოშვილი დამიზნებით ისროდა და მომხდარ ფაქტზე, საზოგადოებამ სიმართლე არ იცის.
“მთელმა საქართველომ იცის შეცდომით, რაც იქ მოხდა. პირველ ჩხუბში ზვიადაური და ცოცხალაშვილი იქ არ იყვნენ. ჩხუბი რაზეც მოხდა, წვრილმანია, სამშენებლო ამბებზე დაიწყო. მე მცემეს არასწორად და ესენი ჩემი მეგობრები არიან. სანამ ჩხუბი მეორედ დაიწყებოდა, ზურა მოვიდა, მე მომესალმა და ერთ წუთში, დაიწყო კიდეც. ჩვენ ცალკე ვიდექით. ისინი მოდიოდნენ და რომელმა დაიძახა, არ ვიცი, მომესმა, რომ ვინც პირველ ჩხუბში იყავით, ისინი გადმოდით, ბევრი სისხლი არ დაიღვაროსო.
მე მქონდა იარაღი, ვაღიარებ, მაგრამ ტარების უფლებით, გაფორმებული და მანქანაში მქონდა. ცოცხლაშვილმა ისროლა ჰაერში, გასაფრთხილებლად, რომ არ იჩხუბოთო. ჩემი იარღით არავინ დაღუპულა. კენჭოშვილი გვესროდა ყველას. ზურას რომ რეაგირება არ მოეხდინა, არც მე ვიქნებოდი ცოცხლად, არც თვითონ და ბევრი ადამიანი დაიღუპებოდა. ესენი იყვნენ ჩემი მეგობრები და ჩემს გამო მოხვდნენ იქ”,– განაცხადა ჯანგირაშვილმა.
შეგახსენებთ, ზურაბ ზვიადაურის ბრალდების საქმეზე ნაფიცი მსაჯულების შერჩევის პროცესი, თელავის რაიონულ სასამართლოში გაიხსნა. სასამართლო 12 ნაფიც და 2 სათადარიგო მსაჯულს, საბოლოო ვერდიქტის გამოსატანად შეარჩევს.
მკვლელობა სოფელ წინანდლის ტყეში მიმდინარე წლის 16 აგვისტოს მოხდა. ორმხრივი სროლის დროს დაიჭრა 5 პირი, მათ შორის, 3 გარდაიცვალა. გარდაცვლილთაგან ერთი ყოფილი დეპუტატის და ოლიმპიური ჩემპიონის ზურაბ ზვიადაურის ძმა ზვიად ზვიადაური იყო.
კახეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ფაქტზე ორი პირი დააკავეს, ყოფილ პარლამენტარს საგამოძიებო უწყება განზრახ მკვლელობას ედავება, ხოლო ჯაბა ჯანგირაშვილს იარაღის დაუდევრად შენახვას.