ახალი ამბები

თელავში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა მსვლელობა გაიმართება

2021 წლის 3 დეკემბერს, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, ორგანიზაციები „ცვლილებები თანაბარი უფლებებისათვის“ და „კოალიცია დამოუკიდებელი ცხოვრებისათვის“ მსვლელობას გამართავენ.

აქტივობა 15:00 საათზე, თელავის თეატრის ტერიტორიაზე, ერეკლე II მოედნის 7 ნომერში დაიწყება და 16:00 საათზე, თელავის მუნიციპალიტეტის მერიასთან დასრულდება. მასში მონაწილეობას შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები, თემაზე მომუშავე ორგანიზაციები, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა მხარდამჭერები და ოჯახის წევრები მიიღებენ.

მსვლელობა ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის „სამოქალაქო საზოგადოება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებებისთვის საქართველოში“ ფარგლებში გაიმართება.

მსვლელობის მთავარი მიზანია საზოგადოებას მივაწოდოთ ინფორმაცია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების, საჭიროებებისა და შესაძლებლობების შესახებ, რათა ხელი შეეწყოს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა დამოუკიდებელ ცხოვრებას.

პროექტი, „სამოქალაქო საზოგადოება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებებისთვის საქართველოში“, 2021 წლის დასაწყისში ამოქმედდა. მისი მიზანია სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის მართლმსაჯულებაზე წვდომის გაუმჯობესებისა და დისკრიმინაციის აღმოფხვრის მიზნით, იურიდიული სერვისების განვითარებითა და ეფექტური ადვოკატირების მეშვეობით.