თელავის საკრებულოს სხდომაზე ენმ-ს წევრებმა ბათუმში გარდაცვლილი დეპუტატის ფოტოები მიიტანეს
თელავის მუნიციპალიტეტის ახალი მოწვევის საკრებულოს სხდომაზე ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრებმა, ბათუმში გარდაცვლილი დეპუტატის, ნუგზარ ფუტკარაძის სურათები მიიტანეს.
მათ ,,ქართული ოცნების” წევრებს გარდაცვლილის ხსოვნისათვის პატივის მიგებისკენ მოუწოდეს. უმრავლესობის წევრებმა კი მოწოდება, პოლიტიკურ პერფომანსად შეაფასეს.
სხდომა თელავის მე-17 საოლქო-საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ, რევაზ გაიპარაშვილმა გახსნა და ახლადარჩეული დეპუტატებს პროცედურების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა.
დღესვე თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულომ ახალი თავმჯდომარე უნდა აირჩიოს. ,,ქართული ოცნება”, რომელსაც თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოში უმრავლესობა აქვს, თანამდებობაზე სავარაუდოდ, თენგიზ მთვარელიშვილს დაასახელებს.
მთვარელიშვილი ბოლო წლების განმავლობაში ადგილობრივ თვითმმართველობაში იყო დასაქმებული. საკრებულოში ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები კი თავმჯდომარის არჩევნებში მონაწილეობის მიღებას არ აპირებენ.
შეგახსენებთ, ცენტრალური საარჩევნო კომისიის გადაწყვეტილებით, საქართველოს მთელ ტერიტორიაზე, 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შედეგად არჩეული საკრებულოების უფლებამოსილების ცნობა უნდა განხორციელდეს.