ახალი ამბები

რა ოდენობის ჯარიმა დაგეკისრებათ ტაქსიში, კატერსა და კერძო ავტომობილში მოწევის შემთხვევაში

ტაქსიში თამბაქოს მოწევა აიკრძალება. აკრძალვა გავრცელდება კერძო ავტომობილშიც, თუკი ავტომობილით არასრულწლოვანის გადაყვანა ხდება.

თამბაქოს მოწევის აკრძალვა ისეთ სატრანსპორტო საშუალებაზეც გავრცელდება, როგორიცაა კატერი. ამასთან დაკავშირებით “თამბაქოს კონტროლის შესახებ” კანონში ცვლილებების პროექტი პარლამენტში უკვე წარდგენილია.

აღსანიშნავია, რომ ამ მიმართულებით შემოდის ადმინისტრაციული ჯარიმები. კერძოდ, წესდება ჯარიმა 200 ლარის ოდენობით ტაქსის და კატერის, როგორც საზოგადოებრივი ტრანსპორტის მძღოლის მიერ მოწევის აკრძალვის მოთხოვნის შეუსრულებლობისა და ასევე, ამ მოთხოვნის აღუკვეთელობისთვის. ამ შემთხვევაში ჯარიმა გავრცელდება როგორც მგზავრზე ასევე მძღოლზე, ვინც კანონით განსაზღვრულ მოთხოვნას დაარღვევს.

ამასთან, წესდება 50 ლარიანი ჯარიმა მძღოლის მიერ თამბაქოს მოწევისთვის ავტოსატრანსპორტო საშუალებაში (ავტომობილში) ამ ავტოსატრანსპორტო საშუალებით არასრულწლოვნის გადაყვანისას.

აღსანიშნავია, რომ კანონპროექტი ითვალისწინებს ჯარიმების გაორმაგებას აღნიშნული ქმედებების მეორედ, მესამედ და მის შემდეგ ყოველი მომდევნო ჩადენისთვის.

რაც შეეხება ცვლილებების ამოქმედების თარიღს, როგორც პროექტის განმარტებით ბარათშია აღნიშნული, კანონპროექტის ძირითადი ნაწილი ამოქმედდება 2022 წლის 1 იანვრიდან.

საკანონმდებლო პაკეტის ავტორები არიან ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე დიმიტრი ხუნდაძე და მისი პირველი მოადგილე ლადო კახაძე.