ახალი ამბები

საქართველოში გამოკითხული მეწარმეების 38%-მა პანდემიის გამო, ბიზნეს საქმიანობა შეაჩერა – კვლევა

ეროვნული ბანკის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული კვლევის შედეგად აღმოჩნდა, რომ ყველაზე მეტად კოვიდ 19-მა ზეგავლენა ბიზნესის ბრუნვასა და მოგებიანობაზე მოახდინა.

საქმე ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის “ფინანსური განათლების საერთაშორისო ქსელის” (OECD/INFE) მიერ მიკრო, მცირე და საშუალო მეწარმეების ფინანსური განათლების 2021 წლის საერთაშორისო კვლევის შედეგებს ეხება, რომელშიც 14 ქვეყანასთან ერთად, საქართველოც მონაწილეობდა. კვლევაში პანდემიის პერიოდში განვითარებული მოვლენებიც არის აღწერილი.

კვლევის თანახმად, მეწარმეთა 79% ბრუნვის, ხოლო 81% – მოგებიანობის მნიშვნელოვან ან, ზოგადად, შემცირებაზე მიუთითებს.

„ყველაზე ნაკლებად პანდემიამ კომპანიის ვალდებულებებსა და თანამშრომელთა რაოდენობაზე მოახდინა გავლენა. მეწარმეთა 52% აღნიშნავს, რომ პანდემიის შედეგად მათი ვალდებულებები არ შეცვლილა, ხოლო 72% მიუთითებს, რომ მათი თანამშრომლების რაოდენობა უცვლელი დარჩა. აქვე გასათვალისწინებელია, რომ გამოკითხული ბიზნესების 38% თვითდასაქმებული მეწარმეა, ანუ მათ დაქირავებული თანამშრომლები არ ჰყავთ.

მეწარმეების თითქმის ნახევარი აღნიშნავს, რომ პანდემიის დაწყების შემდეგ, მათი ბიზნესი აღმოჩენილა ისეთ სიტუაციაში, როცა ფულადი შემოსავლები არ იყო საკმარისი ფულადი ვალდებულებების დასაფარად ან ბიზნესის მოსალოდნელი ხარჯების ასანაზღაურებლად. აღნიშნული პრობლემის მოსაგვარებლად 46%-მა შეამცირა ბიზნესის საოპერაციო ხარჯები, 38%-მა გამოიყენა მფლობელის პირადი/საოჯახო თანხები ან კრედიტი, ხოლო 38%-მა დროებით შეაჩერა ბიზნეს საქმიანობა“, – აღნიშნულია კვლევაში.

რაც შეეხება ბიზნესისთვის სესხის საჭიროებას, პანდემიის დაწყების შემდეგ სესხის მოთხოვნა კომპანიების მეხუთედმა გააკეთა, საიდანაც 66%-მა სრულად მიიღო მოთხოვნილი თანხა. ხოლო იმათგან, ვისაც სესხზე განაცხადი არ გაუკეთებია, 64%-მა განაცხადა, რომ ამის საჭიროება არ ჰქონდათ.