ახალი ამბები

დისტრიბუტორთა ასოციაციის თავმჯდომარე- წინასაახალწლოდ პროდუქტები კიდევ ერთხელ გაძვირდება

დისტრიბუტორთა ასოციაციის თავმჯდომარე საწვავზე ფასის ზრდის შემთხვევაში, სასურსათო პროდუქტების გაძვირებას პროგნოზირებს.

ივა ჭყონიას თქმით, წლის ბოლომდე, წინასაახალწლო პერიოდში ფასების ცვლილება გარდაუვალია.

“სასურსათო პროდუქტების ფასების საკითხი, პირველ რიგში, საწვავზეა მიბმული; ფაქტია, საერთაშორისო ბაზარზე ფასების ცვლილება ხდება. სეზონურობიდან გამომდინარე, ეს პირდაპირპროპორციულად აისახება ადგილობრივ ფასებზე. წინასაახალწლოდ პროდუქტებზე ფასების ცვლილება აუცილებლად იქნება. დაახლოებით, რამდენი პროცენტით მოიმატებს ფასი, ამის განსაზღვრა ძალიან რთულია და ფაქტობრივად, შეუძლებელია. ფასების ცვლილება ამ წლის ბოლომდეც იქნება და თებერვალშიც ველოდებით კიდევ ერთ ტალღას”, – ამბობს ივა ჭყონია.

bm.ge-ს ინფორმაციით, საქართველოში ოქტომბერში წლიური ინფლაცია 12.8%-მდე გაიზარდა. საქსტატი ნოემბრის ინფლაციის მაჩვენებელს რამდენიმე დღეში გამოაქვეყნებს. ოქტომბერში ინფლაციის ფორმირებაზე ყველაზე დიდი გავლენა სურსათის ფასების 18%-იანმა მატებამ იქონია, ასევე საწვავის გაძვირებამაც, რამაც ტრანსპორტის ჯგუფში ფასები გაზარდა. 12.8% ბოლო 10 წლის განმავლობაში საქართველოში რეკორდულად მაღალი ინფლაციის მაჩვენებელია.