ახალი ამბები

სოფელ იორმუღანლოში მცხოვრები თოზუ გულმამედლი კატო მიქელაძის პრემიის ერთ-ერთი ნომინანტია

საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ იორმუღანლოში მცხოვრები ახალგაზრდა, თოზუ გულმამედლი 2021 წლის კატო მიქელაძის პრემიის ერთ-ერთი ნომინანტია.

ქალთა ფონდის ინფორმაციით,  თოზუ უფლებადამცველი და აქტივისტია. ქალებისა და ეთნიკური უმცირესობების უფლებებისთვის ბრძოლა მისი ყოველდღიური ცხოვრების ნაწილია. თოზუმ დააარსა იორმუღანღლოს სათემო ცენტრი, რომლის საშუალებითაც ახალგაზრდების განვითარებასა და გაძლიერებაზე აქტიურად მუშაობს.

მას, როგორც აზერბაიჯანელ, მუსლიმ ქალს, არაერთი სირთულე ხვდება, როდესაც ცდილობს დაიცვას საკუთარი და სხვების უფლებები და ღიად ისაუბროს ისეთ თემებზე, რომლებიც განსაკუთრებით ტაბუირებულია აზერბაიჯანულ თემში.

ყოველი წლის 29 ნოემბერს, ქალთა უფლებების დამცველთა საერთაშორისო დღეს, საქართველოდან ქალთა უფლებების დამცველ ერთ აქტივისტს აჯილდოებენ. ეს იქნება კატო მიქელაძის პრემიის რიგით მეცხრე დაჯილდოება.  პრემიის მფლობელს საგანგებოდ შექმნილი ჟიური გამოავლენს.

პრემიის უმთავრესი მიზანია ქალი უფლებადამცველების აღიარება და დაფასება, მათი მნიშვნელოვანი საქმიანობის შესახებ საზოგადოების ცნობიერების ამაღლება, ქალთა უფლებების დამცველთათვის უსაფრთხო სამუშაო გარემოს შექმნა და ახალგაზრდა თაობის წახალისება.