პრემიერი- სოციალური პოლიტიკით, შრომისუნარიანი მოსახლეობა შევაჩვიეთ უმუშევრობას და უმოქმედობას
“სოციალური პოლიტიკის ფარგლებში ზრდასრული, შრომისუნარიანი მოსახლეობა შევაჩვიეთ უმუშევრობას, სიღარიბეს და უმოქმედობას”, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომის დაწყებისას განაცხადა.
მისი თქმით, არსებული სოციალური პოლიტიკა გვაჩვენებს, რომ მიმდინარე დინამიკა და ტენდენციები არის შემაშფოთებელი.
„რეალურად, არსებული სოციალური პოლიტიკის ფარგლებში ზრდასრული, შრომისუნარიანი მოსახლეობა შევაჩვიეთ უმუშევრობას, სიღარიბეს და უმოქმედობას. დღეს, შრომისუნარიანი, სოციალურად დაუცველი მოქალაქე არ არის მოტივირებული დაიწყოს მუშაობა იმიტომ, რომ სახელმწიფომ არ მოუხსნას სოციალური დახმარება. ეს არის კატასტროფა და ეს არის შემაშფოთებელი. ჩვენ, ხელისუფლებამ უნდა გადავდგათ გაბედული და ქმედითი ნაბიჯები“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
მისივე განცხადებით, შეიქმნება სახელმწიფო კომისია, რომელიც აღნიშნულ საკითხზე მიდგომას შეიმუშავებს და მას ვიცე-პრემიერი, გარემოს დაცვის მინისტრი ლევან დავითაშვილი უხელმძღვანელებს.
„რამდენიმე კვირაში წარმოვადგენთ ხედვას, რომელიც არსებულ მიდგომას შეცვლის. ეს არის მანკიერი სისტემა, რომელიც უნდა შეიცვალოს გაჯანსაღებული, ახალი სისტემით. უნდა შევქმნათ სამუშაო ადგილები და ნაცვლად სოციალური დახმარებისა, ჩვენს მოქალაქეებს შევთავაზოთ. ასეთი ათასობით საზოგადოებრივი სამუშაო ადგილები შეგვიძლია შევქმნათ”, – განაცხადა ღარიბაშვილმა.
მისივე თქმით, საქართველოში დაინერგება სისტემა, რომელიც ევროპის ქვეყნებში არის გამოცდილი.
„მინიმუმ ის დახმარება, რაც დღეს აქვთ, ხელფასის სახით უნდა მიიღონ კონკრეტული საზოგადოებრივი საქმიანობისთვის. თუმცა ასევე უნდა ჰქონდეთ საშუალება თავისუფლად მოძებნონ სხვა სამსახური და მეტი შემოსავალი გაუჩნდეთ. იყიდონ ტელევიზორი, მაცივარი, სახლებიც გაარემონტონ და ა.შ. ვფიქრობ, ახალი პროგრამა შეცვლის რეალობას და ჩვენს მოქალაქეებს გაუჩნდებათ მოტივაცია იშრომონ. ჩვენი მოქალაქეები შრომას უნდა შევაჩვიოთ. რა თქმა უნდა მუშაობა უნდა ყველას, თუმცა უჭირთ სამუშაო ადგილების შოვნა”, – აღნიშნა ღარიბაშვილმა.
პრემიერმა აღნიშნა, რომ პროგრამაში პროფესიული სასწავლებლების ჩართვაც იგეგმება, რათა ადამიანები სხვადასხვა პროფესიებში გადამზადდნენ. ღარიბაშვილის ინფორმაციით, ამ საკითხზე განათლების სამინისტრო უკვე ინფორმირებულია და მზადება აქვს დაწყებული.