ახალი ამბები

დეკემბრიდან, კოვიდპასპორტის არმქონე პირის სხვადასხვა ობიექტში შესვლის გამო, ჯარიმა არა მოქალაქეს, არამედ ბიზნეს სუბიექტს დაეკისრება

1 დეკემბრიდან, კოვიდ-პასპორტის არმქონე პირის სხვადასხვა ობიექტში შესვლის შემთხვევაში, ჯარიმა არა მოქალაქეს, არამედ ბიზნეს სუბიექტს დაეკისრება.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ შრომის ინსპექციის ხელმძღვანელმა ბექა ფერაძემ განუცხადა, კოვიდ-პასპორტის არმქონე პირის დაწესებულებაში შეშვების გამო, ინდმეწარმე 2000 ლარით, ხოლო იურიდიული პირი 10 ათასი ლარით დაჯარიმდება.

„დარღვევის აღმოჩენისას დაჯარიმდება მხოლოდ ობიექტი, ხოლო კოვიდ-პასპორტის არმქონე მოქალაქეს ასეთ შემთხვევაში ჯარიმა არ დაეკისრება. შრომის ინსპექცია ისევე გააკონტროლებს კოვიდ რეგულაციების დაცბას, როგორც აქამდე აკონტროლებდა. ასევე გააკონტროლებს ე.წ. მწვანე პასპორტების მოქმედების არეალებში დასაცავ წესებს.

ეს იქნება გეგმური და არაგეგმური ინსპექტირებები და მოვახდენთ იდენტიფიცირებას, თუ რამდენად იცავს ობიექტი ე.წ. მწვანე პასპორტებთან დაკავშირებულ მოთხოვნებს. იმ შემთხვევაში, თუ დარღვევა აღმოვაჩინეთ, ეს იწვევს ფიზიკური პირის მიმართ 2000 ათასლარიან ჯარიმას, იურიდიული პირის მიმართ 10 000-ლარიან ჯარიმას.

ხოლო თუ კომპანია სისტემურად არღვევს და ამაზე გვაქვს ინფორმაცია, შესაძლოა, ეს დალუქვის და ასევე, დროებით საქმიანობის შეჩერების საფუძველიც გახდეს. ეს რეგულაციები 1 დეკემბრის შემდეგ შედის ძალაში. კომპანიამ არ უნდა შეუშვას და თუ შეუშვებს ეს უკვე კომპანიის პასუხისმგებლობაა. მხოლოდ კომპანია ჯარიმდება, მოქალაქე არა.

შემოწმების ნაწილში, მთელი ქვეყნის მასშტაბით, სხვადასხვა უწყება იქნება ჩართული. როგორც შს სამინისტროს შესაბამისი ქვედანაყოფები, ასევე ფინანსთა სამინისტროს სამსახურები, ადგილობრივი მუნიციპალიტეტები და ა.შ. ერთობლივად მოვახდენთ ზედამხედველობას,“- განაცხადა ბექა ფერაძემ.

შეგახსენებთ, რომ 1 დეკემბრიდან მოქალაქეები მხოლოდ „მწვანე პასპორტის“ პრინციპით შეძლებენ შესვლას კვების ობიექტების, რესტორნების, კაფეების და ბარების ღია და დახურულ სივრცეებში, კინოთეატრებში, თეატრებში, ოპერაში, მუზეუმებში, საკონცერტო დარბაზებში, გასართობ ცენტრებში, სამორინეებსა და სათამაშო ბიზნესის ობიექტებზე, სპა-ცენტრებში, ფიტნეს-დარბაზებში, სასტუმროებში და ასევე სამთო კურორტების – საბაგირო გზებზე; აღნიშნული მოთხოვნა გავრცელდება ჩამოთვლილი ობიექტების სტუმრებზე.

რაც შეეხება საბავშვო-გასართობ ცენტრებს, „მწვანე პასპორტის“ მოთხოვნა იმოქმედებს მხოლოდ 18 წლის ასაკს ზემოთ მოქალაქეებისთვის. პირს მწვანე სტატუსი აქვს, თუ იგი ვაქცინირებულია სრულად, ჩატარებული აქვს 72-საათიანი ვალიდურობის PCR-ტესტი ან 24-საათიანი ვალიდურობის ანტიგენ-ტესტი, ან გადატანილი აქვს კორონავირუსი.