ახალი ამბები

2022 წლიდან ევროკავშირი არაწევრი ქვეყნების მოქალაქეებზე შენგენის ზონაში შესვლაზე გადასახადს აწესებს

2022 წლიდან შენგენის ზონაში შესასვლელად არა-ევროკავშირის მოქალაქეეებისთვის ახალი გადასახადი წესდება.

Euronews-ის ინფორმაციით, შენგენის ზონაში შესვლისას გადასახადის გადახდა ზონაში მცხოვრებელი პირების გარდა სხვა ნებისმიერ მგზავრს მოუწევს.

გამოცემის ინფორმაციით, გადასახადისგან არ თავისუფლდებიან არც ის პირები, რომლებიც ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების მოქალაქეები არიან, თუმცა შენგენის ზონის ქვეყნებში არ ცხოვრობენ.

როგორც ცნობილია, 2022 წლიდან შენგენის ზონაში შესვლის დროს მგზავრებს აპლიკაციის შევსება და 7 ევროს გადახდა მოუწევთ, რომლის გარეშეც საზღვარს ვერ გადაკვეთენ.

აპლიკაციის შევსების დროს აუცილებელი იქნება ბიომეტრიული პასპორტის მონაცემებისა და პირადი ინფორმაციის შევსება. აპლიკანტებმა ის გამგზავრებამდე 72 საათის განმავლობაში უნდა შეავსონ.

ევროპის სამოგზაურო ინფორმაციისა და ავტორიზაციის სისტემის ცენტრის (ETIAS) განცხადებით, გადასახადის დაწესების მიზეზი, ევროკავშირში უსაფრთხოების გაზრდა და ჯანმრთელობის რისკებისგან თავის არიდებაა.

მათივე ცნობით, 18 წლამდე და 70 წელს ზემოთ ასაკის ადამიანები ახალი გადასახადისგან თავისუფლდებიან.

Euronews-ის ინფორმაციით, აპლიკაციის შევსების დღიდან ის აქტიური 3 წლის განმავლობაში იქნება. შესაბამისად, თუ შენგენის ზონაში 3 წლის განმავლობაში რამდენჯერმე შეხვალთ, გადასახადის თავიდან გადახდა აღარ მოგიწევთ.

ცნობისთვის, ევროკავშირის წევრი სულ 27 სახელმწიფოა. მათგან შენგენის ზონას არ მიეკუთვნებიან ბულგარეთი, რუმინეთი, კვიპროსი და ხორვატია.

ამასთან, ევროკავშირის წევრები არ არიან, თუმცა შენგენის ზონაში შედიან ისლანდია, ლიხტენშტაინი, ნორვეგია და შვეიცარია. შენგენის ზონაში ასევე შედიან ევროპის ჯუჯა სახემწიფოები- მონაკო, სან-მარინო და ვატიკანი.