ახალი ამბები

გურჯაანში ვაქცინაციის წამახალისებელი პროგრამის ფარგლებში ღონისძიებები გაიმართა

გურჯაანში ვაქცინაციის წამახალისებელი პროგრამის ფარგლებში ღონისძიებები გაიმართა.

მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, სტუმრებს ადგილზე მიეცათ შესაძლებლობა, Covid-19-ის საწინააღმდეგო იმუნიზაციის პროცესში ჩართულიყვნენ და აცრა “ფაიზერის”, “სინოფარმის” ან “სინოვაკის” ვაქცინით გაეკეთებინათ. ღონისძიების მიმდინარეობისას ვაქცინირებული მოქალაქეები სხვადასხვა ვაუჩერით დასაჩუქრდნენ, ასევე უფასოდ ისარგებლეს იუსტიციის სახლის მობილური ჯგუფების მომსახურებით.

გურჯაანში ვაქცინაციის პროცესს ადგილზე გაეცნო დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორი ამირან გამყრელიძე, რომელმაც მოსახლეობას აცრისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდა.

„დაახლოებით 30 პროცენტია გურჯაანის მოსახლეობის აცრილი, მოზრდილი მყავს მხედველობაში, გვინდა 60%-იან მაჩვენებელზე გავიდეთ. ადგილობრივ ხელისუფლებასთან ერთად ვმუშაობთ, რომ ეს რიცხვი გაიზარდოს. მოგეხსენებათ, სოფლის ექიმები კიდევ ერთხელ გადამზადდნენ. მადლობელი ვარ “კახეთი იონის” კლინიკის, რომელიც ეხმარება სოფლის ექიმებს, რომ უფრო მეტად გაფართოვდეს ვაქცინაციის პროცესი”, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

ღონისძიებებს ასევე ესწრებოდნენ ადგილობრივი და ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლები. გამართულ ღონისძიებებზე ბავშვების განწყობაზე იზრუნეს ანიმატორებმა და ზღაპრის გმირებმა, მოეწყო სხვადასხვა გასართობი შოუ.

მუნიციპალიტეტში ღონისძიებები კოვიდრეგულაციების სრული დაცვით გაიმართა. ხვალ ანალოგიური აქტივობები სამტრედიასა და ახალქალაქშია დაგეგმილი