ახალი ამბები

პოლიციამ კახეთში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღები და საბრძოლო მასალა ამოიღო

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, ჩატარებული კომპლექსური ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, თბილისსა და სხვადასხვა რეგიონში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღები და საბრძოლო მასალა ამოიღეს.

უწყების ინფორმაციით, ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის და ტარების ბრალდებით სულ დაკავებულია 13 პირი.

კახეთის პოლიციის დეპარტამენტის თელავის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა ქალაქ თელავში, 1957 წელს დაბადებული ზ.ლ.-ის საცხოვრებელი სახლის, ეზოს და ეზოში მდებარე დამხმარე სათავსოების ჩხრეკის შედეგად, “ეფ 1”-ის ტიპის ხელყუმბარა ნივთმტკიცებად ამოიღეს.

კახეთის პოლიციის ყვარლის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, დაკავებული ა.ხ.-ის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას, “ეფ-1” -ის ტიპის ხელყუმბარა ნივთმტკიცებად ამოიღეს.

კახეთის პოლიციის დეპარტამენტის სიღნაღის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა კი, 1971 წელს დაბადებული ა. ჯ.-ის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას, 2 არარეგისტრირებული ცეცხლსასროლი იარაღი – “ნაგანის” ტიპის ცეცხლსასროლი პისტოლეტი და მცირეკალიბრიანი სანადირო შაშხანა ნივთმტკიცებად ამოიღეს.

გურჯაანის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა ზ.თ-ს საცხოვრებელი სახლისა და დამხმარე სათავსოს ჩხრეკისას 1 ცალი ცეცხლსასროლი იარაღი ნივთმტკიცებად ამოიღეს.

შსს-ს ინფორმაციით, ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ფაქტებზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით მიმდინარეობს.