ახალი ამბები

გაზზე მომუშავე მოწყობილობებისთვის პირველი დეკემბრიდან ახალი ვალდებულება ამოქმედდება

გაზზე მომუშავე მოწყობილობებისთვის პირველი დეკემბრიდან ახალი ვალდებულება ამოქმედდება.

ბუნებრივ აირზე მომუშავე მოწყობილობებისთვის ახალი ვალდებულების ამოქმედება კიდევ ერთხელ გადავადდა.

კერძოდ, საუბარია, აირად საწვავზე მომუშავე მოწყობილობების შესახებ ტექნიკურ რეგლამენტზე, რომელიც მიმდინარე წლის პირველი ივლისიდან უნდა ამოქმედებულიყო. შემდეგ რეგლამენტის ამოქმედება პირველ სექტემბრამდე გადავადდა, ახლა კი მისი ამოქმედება პირველი დეკემბრიდან იგეგმება.

შესაბამისად, იმ ბიზნესსუბიექტებს, რომლებიც გაზზე მომუშავე მოწყობილობების რეალიზაციას ახორციელებენ, მოუწევთ ისეთი ტექნიკა, როგორიცაა გაზის გამათბობლები, წყლის გამაცხელებლები, აღნიშნულ რეგლამენტთან შესაბამისობაში მოიყვანონ, წინააღმდეგ შემთხვევაში, ამ ტიპის მოწყობილობების რეალიზაცია ვეღარ განხორციელდება.

რაც შეეხება ტექნიკურ რეგლამენტს, ის ეხება როგორც მოწყობილობებს, ასევე, საამწყობრო ნაწილებს, რომლებიც უნდა აკმაყოფილებდეს ამ ტექნიკური რეგლამენტით განსაზღვრულ მოთხოვნებს.

ამასთან, აღსანიშნავია, რომ მთავრობის ახალი გადაწყვეტილებით, დადგენილების მოქმედება არ ვრცელდება იმ მოწყობილობებსა და საამწყობრო ნაწილებზე, რომელთა საქართველოში შემოტანა განხორციელდა 2021 წლის პირველ დეკემბრამდე.