თელავში დაკავებული ტორესა მოსი დროებით დაკავების იზოლატორში გადაიყვანეს
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თელავის სამმართველოსთან დღეს დაკავებული მწერალი ტორესა მოსი, თელავის დროებით დაკავების იზოლატორში გადაიყვანეს.
გამოძიება მას ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173- ეს მუხლით ედავება, რაც პოლიციელის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას გულისხმობს. დროებით დაკავების იზოლატორში გადაყვანამდე ტორესა მოსის გამოკითხვა მიმდინარეობდა თელავის პოლიციის სამმართველოში.
დაკავებულის ინტერესებს იცავს არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს” იურისტი თეო ზაქარაშვილი. მან ცოტა ხნის წინ დატოვა კახეთის სამხარეო პოლიციის დროებით დაკავების იზოლატორი, სადაც მისი დაცვის ქვეშ მყოფი მოინახულა.
მიდი თქმით, მწერალის დაკავება და ვადის გაგრძელება არღვევს მის უფლებებს და ამიტომ ის ხელწერილის საფუძველზე, დაუყოვნებლივ უნდა გათავისუფლდეს.
ტორესა მოსი იმ დროს დააკავეს, როდესაც თელავში, სუს-ის შენობის შესასვლელთან აქცია-პერფორმანსს მართავდა. მას საკუთარი ავტომობილით შენობის შესასვლელი ჰქონდა ბლოკირებული. ასევე ავტომობილის საქარე მინაზე პოლიტიკური შინაარსის განცხადებები ჰქონდა გაკრული.