ყველა საჯარო მოხელეს იანვრიდან ხელფასები გაეზრდება
საბიუჯეტო დაწესებულებებში იანვრიდან შრომის ანაზღაურება ჯამში 176 658 000 ლარით იზრდება.
ამის შესახებ 2022 წლის ბიუჯეტის პროექტის გადამუშავებულ ვარიანტშია აღნიშნული.
კერძოდ, ბიუჯეტის პროექტის მეორე წარდგენის თანახმად, საბიუჯეტო დაწესებულებებში შრომის ანაზღაურებაზე – 1 830 644 800 ლარია გათვალისწინებული, მაშინ როცა პირველი წარდგენით – 1 653 986 800 ლარი იყო გამოყოფილი.
რაც შეეხება მომუშავეთა რიცხოვნობას საბიუჯეტო დაწესებულებებში ბიუჯეტის პროექტის განახლებული ვარიანტით მათი რაოდენობა – 112 752 პირს შეადგენს, მაშინ როცა პირველი წარდგენით მაჩვენებელი – 112 712 იყო.
ამასთან, როგორც 2022 წლის ბიუჯეტის პროექტის განახლებულ ვარიანტშია აღნიშნული, 10%-ით გაეზრდება ხელფასი ყველა საჯარო მოხელეს. კერძოდ, საჯარო დაწესებულებაში მომუშავეთა ყოველთვიური საბაზო თანამდებობრივი სარგო 1000 ლარის ნაცვლად 1 100 ლარი გახდება.
„საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად სახელმწიფო ბიუჯეტით ყოველწლიურად განისაზღვრება საბაზო თანამდებობრივი სარგო, რაზეც მრავლდება თითოეული საბიუჯეტო ორგანიზაციის საშტატო განრიგით განსაზღვრული კოეფიციენტი და შესაბამისად განისაზღვრება საჯარო მოხელის ყოველთვიური ანაზღაურება. აღსანიშნავია, რომ საბაზო თანამდებობრივი სარგო 2017 წელს განისაზღვრა 1000 ლარის ოდენობით და მას შემდეგ არ შეცვლილა. წარმოდგენილია ბიუჯეტის პროექტის გადამუშავებული ვარიანტის მიხედვით იზრდება საბაზო თანამდებობრივი სარგო და 1000 ლარის ნაცვლად განსაზღვრულია 1100 ლარის ოდენობით,“-ნათქვამია მომავალი წლის ბიუჯეტის განახლებულ ვარიანტში.