საკრებულოებში საკრებულოს თავმჯდომარის და ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილეების არჩევის პრინციპი იცვლება
მუნიციპალიტეტების საკრებულოების თავმჯდომარეს სამი მოადგილე, მათ შორის პირველი მოადგილე ეყოლება.
ამასთან, “ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსში“ დაგეგმილი ცვლილებების პროექტით, ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილეების არჩევის პრინციპიც იცვლება – საკრებულოს ფრაქციის თავმჯდომარეს ერთი მოადგილე ეყოლება, ხოლო ფრაქციის ყოველ ხუთ წევრზე იგი უფლებამოსილი იქნება დამატებით ერთი მოადგილე ჰყავდეს.
“ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსში“ ცვლილებების პროექტი ფრაქცია “ქართული ოცნების“ დეპუტატებმა სოზარ სუბარმა, ირაკლი ქადაგიშვილმა, ირაკლი ჩიქოვანმა, გურამ მაჭარაშვილმა, დავით მათიკაშვილმა და დიმიტრი სამხარაძემ მოამზადეს. საკანონმდებლო ინიციატივა პარლამენტის ბიუროს უახლოეს სხდომაზე წარედგინება.
“ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ ჯერ კიდევ მოქმედი ნორმის მიხედვით, მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეს, გარდა თბილისისა, შესაძლებელია ერთი მოადგილე ჰყავს და თუ მუნიციპალიტეტში 100 000 ამომრჩეველზე მეტი ცხოვრობს, მაშინ საკრებულოს თავმჯდომარეს შეიძლება ორი მოადგილე ჰყავდეს, ხოლო თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოში თავმჯდომარეს შეიძლება ჰყავდეს პირველი მოადგილე და მოადგილეები (მოადგილეთა რაოდენობა დაკონკრეტებული არ არის).
ამასთანავე, მუნიციპალიტეტის (გარდა თბილისისა) საკრებულოს ფრაქციის თავმჯდომარეს ერთი მოადგილე ჰყავს და თუ ფრაქციაში ცხრა წევრზე მეტია გაწევრებული, შესაძლებელია ჰყავდეს დამატებით ერთი მოადგილე. რაც შეეხება თბილისის საკრებულოს, ფრაქციის თავმჯდომარეს ჰყავს ერთი მოადგილე, ხოლო ფრაქციის ყოველ ცხრა წევრზე იგი უფლებამოსილია ჰყავდეს დამატებით ერთი მოადგილე. ამასთანავე, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქციის თავმჯდომარეს შეუძლია ჰყავდეს არაუმეტეს სამი მოადგილისა.
“იმისათვის, რომ მუნიციპალიტეტების საკრებულოებში, როგორც საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეებს, ისე ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილეებს შორის, ფუნქცია-მოვალეობათა განაწილება გამარტივდეს, შესაბამისად დაიხვეწოს მენეჯმენტი და საქმიანობა გახდეს უფრო ეფექტური, მიზანშეწონილია ორგანულ კანონში ცვლილება განხორციელდეს და აღნიშნული მოადგილეების არჩევის პრინციპი შეიცვალოს“, – განმარტავენ საკანონმდებლო ინიციატივის ავტორები.