ახალი ამბები

7 ნოემბერს თელავში ,,ერეკლეობა” აღინიშნება

7 ნოემბერს, თელავში მეფე ერეკლე მეორეს დაბადების დღეს აღნიშნავენ.

თელავში ძირითადი ღონისძიებები 12:00 საათიდან დაიწყო. ერეკლე მეფის სასახლის კარის ღვთისმშობლის მიძინების ტაძარში წირვა და მეფის სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი ჩატარდა, რომელსაც თელავის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილეები ფიქრია ყუშიტაშვილი და ნიკოლოზ მეტრეველი, ასევე კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული ირაკლი შიოშვილი და მისი მოადგილე გივი მეტრეველი დაესწრნენ.

,,წინა წელს მიუხედავად იმისა, რომ მეფის 300 წლის იუბილე იყო, პანდემიდან გამომდინარე ხელი შეგვეშალა მასშტაბური ღონისძიებების ჩატარებაში. დღეს არის ყველა თელაველისთვის მნიშვნელოვანი და საპასუხისმგებლო დღე. უამრავი სტუმარი გვეყოლება, სხვადასხვა ღონისძიებები ჩატარდება ქალაქის ცენტრალურ მოედანზე. მე ყველა თელაველს და სრულიად საქართველოს ვულოცავ მეფის იუბილეს.” _ აღნიშნა თელავის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილემ, ფიქრია ყუშიტაშვილმა.

თელავში მეფის დაბადების დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებები საღამოს 20:00 საათამდე გაგრძელდება.