ელჩების კრიტიკის პასუხად მოსამართლეების განცხადებას თელავის რაიონული სასამართლოს მოსამართლე ემიჯნება
16 მოსამართლე იმ კოლეგების წერილს ემიჯნება, რაც აშშ-სა და ევროკავშირის ელჩების კრიტიკის საპასუხოდ გავრცელდა.
განცხადებას გაემიჯნა უზენაესი სასამართლოს ორი მოსამართლე ნინო ბაკაკური და ეკატერინე გასიტაშვილი. ასევე, გორის რაიონული სასამართლოს მოსამართლე, ნონო გერგაული.
მანამდე, თელავის რაიონული სასამართლოს მოსამართლე მამუკა წიკლაურმა დააფიქსირა პოზიცია, რომ ემიჯნება კოლეგების წერილს.
“მიმაჩნია, რომ ასევე შეცდომა იყო შარლ მიშელის დოკუმენტის დაგმობა. ბოლო 4 წლის განმავლობაში არ მიმიღია მონაწილეობა არც საბჭოს არჩევნებში და არც შარლ მიშელის დოკუმენტის “შეფასებაში”, – წერს ის.
ასევე, განცხადებას გაემიჯნნენ თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე გელა ბადრიაშვილი და თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ხათუნა ჯინორია.
“როცა რეფორმებში მნიშვნელოვანი რესურსია ჩადებული, შედეგების მიმართ ინტერესი სრულიად ბუნებრივია და ვფიქრობ – ანგარიშგასაწევი და საყურადღებო!” – ამ შინაარსის ფეისბუქსტატუსს აქვეყნებს თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ზაზა მარტიაშვილი, სადაც კომენტარის სახით ემიჯნება გავრცელებულ განცხადებას მოსამართლე თამარ ხაჟომიაც.
“განცხადება გაკეთდა ადმინისტრაციული კომიტეტის და არა მოსამართლეთა სახელით, თუმცა სტატიის დასაწყისი მკითხველს აფიქრებინებს, რომ ეს არის მოსამართლეთა შეთანხმებული პოზიცია. მნიშვნელოვანია, საზოგადოებამ გააცნობიეროს, რომ თითოეული მოსამართლე დამოუკიდებლად იღებს გადაწყვეტილებებს და სასამართლოს დამოუკიდებლობა სწორედ თითოეული მოსამართლის დამოუკიდებლობაზე დგას. როცა თუნდაც ერთ სასვენ ნიშანს არ ვეთანხმები, ჩემთვის მიუღებელია, ჩემი სახელით ვრცელდებოდეს რაიმე მოსაზრება”, – წერს თამარ ხაჟომია და კრიტიკის საპასუხოდ გავრცელებულ კოლეგების განცხადებას აზიარებს.
გამიჯნულ მოსამართლეებს შორისაა სააპელაციოს მოსამართლე შოთა გეწაძე.
მანამდე, ფეისბუქპოსტი გამოაქვეყნა სააპელაციო სასამართლოს კიდევ ერთმა მოსამართლე ქეთევან მესხიშვილმა:
“მეტი განსხვავებული აზრის საჭიროება, ძალაუფლების დეცენტრალიზაცია, მართლმსაჯულების ადმინისტრირების პროცესში მეტი დემოკრატია ისევ ჩვენი, მოსამართლეების, ინდივიდუალურ გაძლიერებას ემსახურება. ყველაზე მეტად ვინც ამ საქმეში, ჩვენს გაძლიერებაში შეიძლება წვლილი შეიტანოს, ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები არიან. მათი ძალისხმევით, წლებია ვცდილობთ ისეთი სასამართლო შევქმნათ, რომელსაც კიდევ უფრო მეტი ნდობა და პატივისცემა ექნება. ნდობისა და პატივისცემის გარეშე კი კანონის დაცვაც ფიქცია ხდება.
ამიტომ, ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებს მოსამართლეებმა ვესაუბროთ ამ პათოსით, ნიშნავს დაკარგულ შანსს ჩვენი ქვეყნისთვის, ჩვენი შვილების მომავლისთვის.
დარწმუნებული ვარ, ძალიან ბევრი მოსამართლე ამ შანსს ქვეყანას არ დაუკარგავს. შესაბამისად, ვემიჯნები ადმინისტრაციული კომიტეტის მიერ გაკეთებულ განცხადებას და ვისურვებ, რომ საერთაშორისო პარტნიორებმა დაუღალავად განაგრძონ ჩვენი განვითარებისა და გაძლიერების ხელშეწყობა”.
ქეთევან მესხიშვილის პოსტს კომენტარებით გამოეხმაურნენ და გაიზიარეს მისი პოზიცია საქალაქო სასამართლოს მოსამართლეებმა: ეკა არეშიძემ, მადონა მაისურაძემ, ციცინო კიკვაძემ და გიორგი ებანოიძემ. ასევე, თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს მოსამართლე ბადრი ნიპარიშვილმა.
გუშინ საქართველოს მოსამართლეთა კონფერენციის ადმინისტრაციულმა კომიტეტმა გაავრცელა განცხადება, სადაც იუსტიციის უმაღლეს საბჭოში ორი ახალი წევრის არჩევის გამო ევროკავშირისა და აშშ-ის საელჩოების კრიტიკას “გადაჭარბებულს” უწოდებს და საელჩოებს “ვენის კონვენციის პატივისცემისკენ” მიუთითებს.