საწვავი კიდევ 4 თეთრით გაძვირდა
საწვავის ფასი კიდევ საშუალოდ 4 თეთრით გაიზარდა.
ამის შესახებ BM.GE-ის ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის ხელმძღვანელმა ვანო მთვრალაშვილმა განუცხადა.
ის ამბობს, რომ ადგილობრივ ბაზარზე საწვავის ფასის ზრდას საერთაშორისო ბაზარზე ნავთობზე გაზრდილი ღირებულება განაპირობებს, რაც პლატსზე საწვავის ფასებზე ახდენს გავლენას და ეს ქართულ ბაზარზეც აისახება.
„ბრენდირებულ გასამართ სადგურებზე დღეს საწვავი, დაახლოებით, 4 თეთრით გაიზარდა, თუმცა არაბრენდირებულ გასამართ სადგურებზე, რომლებიც საბითუმო ბაზარზე არსებულ ფასებზე პირდაპირ არიან დაკავშირებული, საწვავი უფრო მეტად არის გაზრდილი“, – აცხადებს ვანო მთვრალაშვილი.
ნავთობიმპორტიორთა კავშირის ხელმძღვანელი საერთაშორისო ბაზარზე ნავთობის გაძვირების მიზეზებს განმარტავს და ეკონომიკის აღდგენის პარალელურად ნავთობზე გაზრდილი მოთხოვნის პარალელურად, დღეს უკვე ევროპაში ბუნებრივი აირის გაძვირების ფაქტორსაც ასახელებს.
„ეკონომიკის აღდგენის პროცესი იმდენად სწრაფად მიმდინარეობს, რომ ყველა მიმართულება გახსნილია და ტურიზმის და საჰაერო მიმოსვლა გააქტიურებულია, რის ხარჯზეც ნავთობზე მოთხოვნა მნიშვნელოვნად გაიზარდა. ამის პარალელურად „ოპეკი +” -ის მიერ ნავთობის მოპოვების კვოტებს არ ზრდის.
ამავე დროს დაემატა კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი – ევროპაში ენერგეტიკული კრიზისი, რაც ბუნებრივი აირის გაძვირებას უკავშირდება. შესაბამისად, ის მომხმარებელი, ვინც ბოლო პერიოდში ბუნებრივი აირის ტრადიციული მომხმარებელი იყო, მაზუთის და დიზელის საწვავის მოხმარებაზე გადადის, რაც ნავთობზე მოთხოვნას კიდევ უფრო ზრდის. ობიექტური მოცემულობა გვაქვს, როდესაც ნავთობზე ფასები იზრდება, Plats-ზე საწვავის ფასიც იზრდება საწვავი არამხოლოდ საქართველოში, არამედ მსოფლიოში ძვირდება, მით უფრო იმ ქვეყნებში, რომლებიც იმპორტდამოკიდებულია და საქართველო კი ასეთი ქვეყანაა“, – განმარტა ვანო მთვრალაშვილმა.
მას პროგნოზების გაკეთება უჭირს, რადგან პირველ რიგში, მსოფლიოში ნავთობის ფასის ცვლილება ბევრ ფაქტორზეა დამოკიდებული, ის კი ადგილობრივ ბაზარზე საწვავის ფასის ძირითადი განმსაზღვრელი ფაქტორია.