„სამართლიანი არჩევნების“ ინფორმაციით, ზოგიერთ საარჩევნო უბანზე გამოვლინდა ბიულეტენის დამოწმების წესის დარღვევები, ასევე მარკირების ხელსაწყოს მუშაობის და სიებთან დაკავშირებული ხარვეზები
„სამართლიანი არჩევნების“ ინფორმაციით, მათი დამკვირვებლების მიერ მიწოდებული ინფორმაციის თანახმად, უბნის გახსნისა და მოწყობის პროცესი თითქმის ყველა საარჩევნო უბანზე კანონით დადგენილი პროცედურების დაცვით წარიმართა.
ამასთან, ორგანიზაციის შეფასებით, ზოგიერთ საარჩევნო უბანზე გამოვლინდა წილისყრის პროცედურებისა და ბიულეტენის დამოწმების წესის დარღვევები, აგრეთვე, მარკირების ხელსაწყოს მუშაობისა და სიებთან დაკავშირებული ხარვეზები.
„სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება“ (შემდგომში „სამართლიანი არჩევნები“) 2021 წლის 30 ოქტომბერს, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურს, 8 მუნიციპალიტეტში, მათ შორის 5 თვითმმართველ ქალაქსა (თბილისი, რუსთავი, ბათუმი, ფოთი და ქუთაისი) და 3 თვითმმართველ თემში (ზუგდიდი, ოზურგეთი და თელავი), აკვირდება. აღსანიშნავია, რომ თბილისში ორგანიზაცია საარჩვენო უბნების მესამედს, დანარჩენ ქალაქებსა და თემებში კი ნახევარს აკვირდება.
ორგანიზაციის სადამკვირვებლო მისია 27 მობილური ჯგუფისგან და 544 საუბნო საარჩევნო კომისიის და 29 საოლქო საარჩევნო კომისიის დამკვირვებლებისგან შედგება. „სამართლიანი არჩევნები“ 100 დამკვირვებლის მეშვეობით აკვირდება უბნის გარე პერიმეტრზე მიმდინარე პროცესებსაც . არჩევნების დღეს, ორგანიზაციის სათაო ოფისში მოქმედებს მონაცემთა გადამოწმებისა (23 ოპერატორი) და ინციდენტების/საჩივრების ცენტრები (10 იურისტი).
ორგანიზაციის მონიტორები არჩევნების დღის პროცესებს სრულად, საარჩევნო უბნების გახსნიდან ხმის დათვლის პროცესის დამთავრებამდე აკვირდებიან. დამკვირვებლების მიერ მოწოდებული ინფორმაცია მუშავდება და ქვეყნდება საარჩევნო დღის განცხადებების სახით, გამოვლენილ დარღვევებს კი შესაბამისი სამართლებრივი მსვლელობა ეძლევა.
„სამართლიანი არჩევნები“ დღის განმავლობაში 3-ჯერ წარმოგიდგენთ სადამკვირვებლო მისიის მიერ მოპოვებულ ინფორმაციას. პრეზენტაციები გაიმართება შემდეგ საათებში: 11:00, 16:00, და 22:00. ამჯერად, ორგანიზაცია წარმოგიდგენთ ინფორმაციას უბნის გახსნისა და კენჭისყრის პროცესის დაწყების შესახებ.
ძირითადი დასკვნები 11:00-სთვის: „სამართლიანი არჩევნების“ დამკვირვებლების მიერ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, უბნის გახსნისა და მოწყობის პროცესი თითქმის ყველა საარჩევნო უბანზე კანონით დადგენილი პროცედურების დაცვით წარიმართა. თუმცა, ზოგიერთ საარჩევნო უბანზე გამოვლინდა წილისყრის პროცედურებისა და ბიულეტენის დამოწმების წესის დარღვევები, აგრეთვე, მარკირების ხელსაწყოს მუშაობისა და სიებთან დაკავშირებული ხარვეზები. ორგანიზაციის დამკვირვებლებს უბანზე შესვლისა და დაკვირვების უფლება თითქმის ყველა საარჩევნო უბანზე შეუზღუდავად მიეცათ.
ამომრჩევლის აღრიცხვა:
#17 თელავის #18 საარჩევნო უბანზე ა(ა)იპ ,,კავშირი მწვანე დედამიწის” დამკვირვებელი აღრიცხავს კენჭისყრაში მონაწილე ამომრჩევლებს, კერძოდ იწერს ამომრჩევლის სახელს, გვარს და პირად ნომერს.
უბნის გარეთ დაფიქსირებული დარღვევები/ტენდენციები (08:00-10:00) – #17 თელავის საარჩევნო ოლქის #39 საარჩევნო უბნებთან შეინიშნება უცხო პირთა შეკრება, რომლებიც პერიოდულად ეკონტაქტებიან ამომრჩევლებს;
პირთა საეჭვო შეკრება (100 მეტრის ფარგლებს გარეთ): #17 თელავის #39 საარჩევნო უბნიდან 100 მეტრის მიღმა შეინიშნება უცხო პირთა შეკრება.