იორმუღანლოში უკანონოდ ჩამორთმეული მიწების დაბრუნებას ითხოვენ
სოციალური სამართლიანობის ცენტრმა, სოფელ დუზაგრამაში (იორმუღანლოს თემი, საგარეჯოს მუნიციპალიტეტი) მცხოვრები ათეული პირის მიმართვის საფუძველზე, შეისწავლა მერის წარმომადგენლის მ. ი.-ს მიერ მათი საკუთრებისა და სხვა სამოქალაქო უფლებების სავარაუდო შელახვის ფაქტები.
“ადგილობრივი მოსახლეობის განმარტებით, უკვე წლებია რაც მ. ი. სოფლის საძოვრებისა და მოსახლეობის მართლზომიერ მფლობელობაში არსებულ მიწის ნაკვეთებთან დაკავშირებით იღებს უკანონო გადაწყვეტილებებს.
კერძოდ, მასთან დაკავშირებული პირები კონკრეტულ მიწის ნაკვეთებზე იძენენ საკუთრების უფლებას და შემდგომ ამ მიწებს ყიდიან ამასთან ერთად, მ. ი. და მისი ოჯახის წევრები ემუქრებიან სოფლის მოსახლეობას, აყენებენ მათ ფიზიკურ და სიტყვიერ შეურაცხყოფას.
მოვუწოდებთ საქართველოს პროკურატურას დროულად უზრუნველყოს ეფექტური გამოძიების ჩატარება და მ.ი.-ს ქმედებებისთვის ადეკვატური სამართლებრივი შეფასების მიცემა. მანამდე კი მისთვის უფლებამოსილების შეჩერებას. ასევე, არსებითია გამოძიებამ გამოკვეთოს სხვა თანამდებობის პირებისა და საჯარო მოხელეების შესაძლო მონაწილეობის საკითხი ამ უკანონო პრაქტიკაში“,-განაცხადეს სოციალურ სამართლიანობის ცენტრში.