დედოფლისწყაროში ნავთობის დაღვრის პრევენციის სამუშაოები დაიწყო

სსიპ ნავთობისა და გაზის სახელმწიფო სააგენტოსა და სს საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის თანამშრომლებმა დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ მირზაანში, ნავთობის შემკრებ პუნქტში ნავთობის ტრანსპორტირების პროცესი დაიწყეს.

როგორც ნავთობისა და გაზის სახელმწიფო სააგენტოს უფროსი გიორგი ტატიშვილი აცხადებს, დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში მდებარე მირზაანის ნავთობის საბადოზე მდებარე ჭაბურღილებიდან მოპოვებული ნავთობი გროვდება მირზანიის ნავთობის შემკრებ პუნქტში განლაგებულ მცირე მოცულობის რეზერვუარებში, არსებული მდგომარეობით რეზერვუარები გადავსებულია და არსებობს დაღვრის და ეკოლოგიური კატასტროფის რეალური საფრთხე.

მისივე თქმით, გარემოსდაცვითი და უსაფრთხოების რისკების თავიდან აცილების მიზნით საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციამ კანონმდებლობასთას სრული შესაბამისობით დაიწყო მირზანიის შემკრები პუნქტიდან დედოფლისწყაროს დიდი მოცულობის მქონე რეზერვუარებით დაკომპლექტებულ შემკრებ პუნქტში ნავთობის გადატანის და დასაწყობების პროცესი, რომელიც მიმდინარეობს აღსრულების ეროვნული ბიუროს და მარეგულირებელი ორგანოს თანამშრომლების თანდასწრებით.

„აქვე გვსურს ხაზი გავუსვათ რამდენიმე გარემოებას: კომპანია „ფრონტერას“ ყოფილი მენეჯერს ზაზა მამულაიშვილს შეწყვეტილი აქვს ყოველგვარი უფლებამოსილება წარმოადგენდეს კომპანია „ფრონტერას“ ან ისაუბროს მისი სახელით, ამავე დროს ტეხასის სასამართლოს (281st Judicial District Court of Harris County, Texas, USA) მიერ გამოცემულია შემეზღუდავი ორდერი, რომელიც უკრძალავს ბატონ მამულაიშვილს და მასთან აფილირებულებს განახორციელოს ნებისმიერი ოპერაცია “ფრონტერას” სახელით. ამასვე ადასტურებს აშშ-ში რეგისტრირებული კომპანია „ფრონტერას“ სათაო ოფისის მიერ გაკეთებული განცხადებებიც.

საქართველოში „ფრონტერა“ ყოფილი მენეჯმენტის მიერ არაერთჯერადი, არაკეთილსინდისიერი და უპასუხისმგებლო მოქმედებების თუ უმოქმედობის და მის მიერ მიტოვებული ჭაბურღილებიდან ნავთობის დაღვრის შედეგად საკონტრაქტო ფართობზე დაზიანდა სახელმწიფო ქონება, მკვეთრად გაუარესდა ეკოლოგიური მდგომარეობა, დაირღვა გარემოსდაცვითი, ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების მოთხოვნები. დღეის მდგომარეობით არსებული გარემოსდაცვითი ზიანი აღემატება 500 000 ლარს,“ – განაცხადა ნავთობისა და გაზის სახელმწიფო სააგენტოს უფროსმა.