დაგეგმე შენი ბიუჯეტი – საგარეჯოში ინოვაციური პროექტი განხორციელდა
საგარეჯოს მუნიციპალიტეტში სამოქალაქო ბიუჯეტირების ხელშეწყობის პროექტი „დაგეგმე შენი ბიუჯეტი“ ხორციელდება, რომელიც ხელს უწყობს მოქალაქეთა ჩართულობის გაზრდას საბიუჯეტო პროცესში.
პროგრამის ფარგლებში საგარეჯოს 2022 წლის ბიუჯეტში 50 000 ლარია გათვალისწინებული. ამ თანხით მოქალაქეთა მიერ წარდგენილი ინიციატივებიდან ერთი პროექტი დაფინანსდება, რომელსაც თავად მოსახლეობა კენჭისყრის შედეგად შეარჩევს.
საგარეჯოში რეგისტირირებულ 18 წლის ასაკიდან ნებისმიერ დაინტერესებულ პირებს შეეძლო 25 აგვისტომდე საპროექტო წინადადება წარედგინა მერიისთვის, თუ რის გაკეთება სურდა მის დასახლებაში. სულ 42 საპროექტო წინადადება დარეგისტრირდა, თუმცა მხოლოდ 27-მა იდეამ დააკმაყოფილა საპროექტო წინადადებისთვის საჭირო კრიტერიუმები და კენჭისყრის ეტაპზე გადავიდა.
შერჩევის კრიტერიუმები კი შემდეგი იყო: საპროექტო წინადადება უნდა განხორციელებულიყო მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე; უნდა ყოფილიყო თვითმმართველობის საკუთარ უფლებამოსილებების ფარგლებში; მის განსახორციელებლად საჭირო სავარაუდო თანხა უნდა ყოფილიყო 50 000 ლარის ფარგლებში, წინადადებით შემოთავაზებული პროექტი არ უნდა ყოფილიყო მიმდინარე, ან ისედაც გათვალისწინებული ბიუჯეტში და მისი განხორციელება ტექნიკურად შესაძლებელი უნდა ყოფილიყო.
ამ ეტაპზე შერჩეული ინიციატივების ელექტრონული კენჭისყრა მიმდინარეობს, რომელიც 31 ოქტომბრამდე გაგრძელდება. ხოლო გამარჯვებული პროექტის გამოვლენა და პროექტის დამუშავება ბიუჯეტში გათვალისწინების მიზნით – 1 ნოემბრიდან 10 ნოემბრამდე.
ხმის მიცემა მხოლოდ საგარეჯოში რეგისტრირებულ 18 წლის ასაკიდან მოქალაქეს შეუძლია.
გადადით ქვემოთ მოცემულ ბმულზე და მხარი დაუჭირეთ თქვენთვის სასურველ პროექტს:
http://research.csed.ge/research/romeli-saproeqto-tsinadadebis-gankhortsieleba-gsurt-sagarejos-2022-tslis-biujetidan/61403b2395404850d6154cd5?fbclid=IwAR0dQKrNDsFSuA4dl4pHL-9rKyzplAKkpiXBvLr1AqaV9MK5BE17yqY1Dmc
იხილეთ პროექტ “დაგეგმე შენი ბიუჯეტის” ფეისბუქ გვერდი, სადაც გაეცნობით სიახლეებს:
https://www.facebook.com/%E1%83%93%E1%83%90%E1%83%92%E1%83%94%E1%83%92%E1%83%9B%E1%83%94-%E1%83%A8%E1%83%94%E1%83%9C%E1%83%98-%E1%83%91%E1%83%98%E1%83%A3%E1%83%AF%E1%83%94%E1%83%A2%E1%83%98-%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%92%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%94%E1%83%AF%E1%83%9D-Sagarejo-111907070653604
საგარეჯოს მუნიციპალიტეტში სამოქალაქო ბიუჯეტირების ხელშეწყობის პროგრამა ხორციელდება გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) მხარდაჭერით.

