ახალი ამბები

საქართველოში საწვავი ისევ გაძვირდა

საერთაშორისო ბირჟებზე ,ბოლო ერთი კვირის განმავლობაში ნავთობპროდუქტებზე ფასი ისევ გაიზარდა.

როგორც ქართველი ნავთობიმპორტიორები ამბობენ, ერთი ტონა ბენზინისა და დიზელის ღირებულება ბოლო დღეების განმავლობაში დაახლოებით 8-10 დოლარით შეიცვალა.

საერთაშორისო ბაზარზე ნავთობპროდუქტებზე ფასების ცვლილება ყველაზე ადრე საბითუმო ბაზარზე აისახება.

ბოლო დღეების განმავლობაში საწვავი გაძვირდა როგორც საბითუმო ბაზარზე, ისე არაბრენდირებულ და ბრენდირებულ ბენზიგასამართ სადგურებზე. როგორც ნავთობიმპორტიორთა კავშირის ხელმძღვანელი bmg.ge-თან საუბარში განმარტავს, ფასების მხრივ ბაზარზე საკმაოდ რთული ვითარებაა. ვანო მთავრალაშვილის თქმით, იმის გამო, რომ საბითუმო ბაზარზე ფასი პერმანენტულად იზრდება, ფასი იცვლება არაბრენდირებულ სადგურებზეც.

„საერთაშორისო ბაზარზე არსებული რთული ფონის გათვალისწინებით საწვავის გაძვირების ტენდენცია ვფიქრობ, არ შეჩერდება და უახლოეს პერიოდში მათ ისევ მოუწევთ ფასი 10-15 თეთრით გაზარდონ“-აცხადებს მთვრალაშვილი.

რაც შეეხება ბრენდირებულ სადგურებზე არსებულ ტენდენციას, ნავთობიმპორტიორთა კავშირის ხელმძღვანელი განმარტავს, რომ ბოლო დღეებში ბრენდირებულ საცალო ქსელებშიც ფასი 5-7-10 თეთრით გაიზარდა.

„ოპტიმისტური მოლოდინები არ გვაქვს, შესაბამისად სავარაუდოდ, მათ ისევ მოუწევთ ფასის ზრდა“
-აცხადებს მთვრალაშვილი.

მისი თქმით, დღეს ქსელებში არსებული ფასი ასეთი მაღალი არასდროს ყოფილა. “რეგულარის ფასი ისტორიულად 2,60 თეთრიან ნიშნულს არასდროს გამცდარა, დღეს კი მისი ღირებულება სადგურებზე უკვე 3,10 თეთრს შეადგენს”.

ნავთობის მოთხოვნილების ზრდას თავის მხრივ განაპირობებს მსოფლიო ეკონომიკის აღდგენის პროცესი და ნაწილობრივ ბუნებრივ აირზე არსებული რეკორდულად მაღალი ფასები, რაც ბუნებრივი აირის მომხმარებლებს აიძულებს გადავიდნენ ალტერნატიული საწვავის მოხმარებაზე.

დღეისათვის საწვავის საშუალო ფასები ბრენდირებულ გასამართ სადგურებზე ასე გამოიყურება:

რეგულარი ტიპის ბენზინი – 2,91-3,10 ლარი/ლიტრზე;
პრემიუმი ტიპის ბენზინი – 3,14-3,25 ლარი/ლიტრზე;
სუპერი ტიპის ბენზინი – 3,22-3,30 ლარი/ლიტრზე;
ევრო დიზელის საწვავი – 2,94-3,12 ლარი/ლიტრზე;
დიზელის საწვავი – 2,74-2,99 ლარი/ლიტრზე;