ახალი ამბებივიდეორეპორტაჟი

რა მნიშვნელობა აქვს დემოკრატიის სკოლების ფუნქციონირებას რეგიონებში

თელავში დემოკრატიის სკოლების კურსდამთავრებულთა კონფერენცია გაიმართა, სადაც მოხდა 10 წლის საქმიანობის შეჯამება.

თელავის დემოკრატიის სკოლის დირექტორის ნიკოლოზ შარვაშიძეს განცხადებით, სკოლა 2011 წლიდან ფუნქციონირებს და მას 200-ზე მეტი კურსდამთავრებული ჰყავს. მისი თქმით, დემოკრატიის სკოლები ინტენსიური, არაფორმალური საგანმანათლებლო პროგრამაა, ადგილობრივი თვითმმართველობის, არასამთავრობო სექტორის, მედიის, პოლიტიკური პარტიების, აკადემიური წრეების წარმომადგენლების, წარმატებული სტუდენტებისა და თანამედროვე დემოკრატიის საკითხებით დაინტერესებული აქტიური მოქალაქეებისთვის.

,,200-ზე მეტი კურსდამთავრებული გვყავს, რომლებიც სტუდენტები, საჯარო მოხელეები და სამოქალაქო ორგანიზაციების წარმომადგენლები არიან. ბევრი მათგანისთვის დემოკრატიის სკოლამ შეასრულა მნიშვნელოვანი როლი მათ წარმატებაში და პოლიტიკურ ცხოვრებაში. წელს 10 კურსდამთავრებული იყრიდა კენჭს. ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ დავაფუძნოთ კურსდამთავრებულთა ასოციაცია, რომელსაც 700-მდე კურსამთავრებული შეუერთდება და ეს იქნება ერთგვარი დემოკრატიული ღირებულებების ქვეშ გაერთიანებული, რომელიც ადგილობრივ დონეზე დემოკრატიის განვითარებისთვის, გაჯანსაღებისთვის და უკეთესი ქალაქისთვის ერთობლივად იმუშავებენ და ბევრ სასარგებლო საქმეს გააკეთებენ”,-განუცხადა knews.ge-ს ნიკოლოზ შარვაშიძემ.

განათლების პროგრამის ხელმძღვანელის ნინო ხითარიშვილის თქმით, პროგრამის მთავარი ამოცანაა დემოკრატიის საკითხებზე განათლების მეშვეობით შექმნას აქტიურ მოქალაქეთა ქსელი, რომელიც შეძლებს დემოკრატიული ცვლილებებისა და განვითარების კატალიზატორი გახდეს.

,,დემოკრატიის სკოლები ეს არის ერთგვარი სივრცე, სადაც დემოკრატიული ფასეულობების ირგვლივ გაერთიანებულ ადამიანებს საშუალება აქვთ სხვადასხვა საკითხებზე მაგალითად, დემოკრატიაზე, პოლიტიკურ აქტივიზმზე მიიღონ კვალიფიციური ინფორმაცია და თავადაც განივითარონ ის უნარ-ჩვევები, რაც დაეხმარებათ სამომავლოდ პოლიტიკურ ცხოვრებაში ან აქტიურად საქმიანობისთვის. 35-მდე კურსდამთავრებული იყრიდა კენჭს წელს საარჩევნოდ და ჩვენი მიზანიც ეს არის, რომ ადგილზე ამ ხალხის პოლიტიკურ აქტივობას შევუწყოთ ხელი, რადგან ადგილობრივი თვითმმართველობა ეს არის დემოკრატიული პროცესების საწყისი. იმედი გვაქვს, რომ იმ ცოდნას, რაც დემოკრატიის სკოლაში მიიღეს პირებმა აქტიურად გამოიყენებენ”,-
განაცხადა knews.ge-სთან საუბრისას ნინო ხითარიშვილმა.

EECMD-ის აღმასრულებელი დირექტორი ლევან ცუცქირიძე აცხადებს, რომ დემოკრატიის სკოლის მეშვეობით ისმის იმ ადამიანების ხმა, ვინც ღიად საუბრობს თანასწორობაზე, მედიის თავისუფლებაზე, ადამიანის უფლებებზე, ხელისუფლების ანგარიშვალდებულებაზე და ისეთ მნიშვნელოვან თემებზე, რომლებიც მნიშვნელოვანია ქვეყნის განვითარებისთვის.

,,დემოკრატიის სკოლების მთავარი ამოცანა იყო და რჩება დემოკრატიული შესაძლებლობების გაძლიერების ხელშეწყობა ქვეყანაში. 10 წლის იუბილეზე მსჯელობისას, როცა თვალი გადავავლეთ მიღწეულ შედეგებს, უმთავრესი არის ის, რომ ყველა ქალაქში სადაც ამდენი ხნის განმავლობაში სკოლა მუშაობს ხმამაღლა ისმის ადამიანების ხმა, რომლებიც საუბრობენ თანასწორობაზე, მედიის თავისუფლებაზე, ადამიანის უფლებებზე, ხელისუფლების ანგარიშვალდებულებებზე და ისეთ საკვანძო თემებზე, რომელებიც აუცილებელია სიცოცხლისუნარიანი დემოკრატიის ჩამოყალიბებისთვის. ამ ადამიანების გარეშე ეს ხმა იქნებოდა უფრო ცოტა და ბევრად უფრო სუსტი.
ადგილობრივი დემოკრატიის ლიდერების არსებობა მნიშვნელოვანია. დემოკრატიული ცივილური სახელმწიფო ვერ იარსებებს, თუ კი ადგილებზე არ იქნება ნამდვილი დემოკრატია. ეს ადამიანები, რომლებიც შესაძლოა უმრავლესობას აღიზიანებენ, იმით რომ ბევრს აქტიურობენ. თუმცა, უმრავლესობის ცხოვრება სწორედ ამ ლიდერების გარეშე იქნებოდა ბევრად უფრო ცუდი ცხოვრება ვიდრე არის დღეს”,-
განაცხადა ლევან ცუცქირიძემ.

დემოკრატიული პროცესების ხელშეწყობას და დემოკრატიის სკოლების ფუნქციონირებას უკვე ბევრი წელია მხარს ნიდერლანდების სამეფოს საელჩო უჭერს. 10 წლის საქმიანობის შედეგების შეჯამების ღონისძიებას ნიდერლანდების სამეფოს ელჩი საქართველოში მააიკე ვან კოლდამი დაესწრო. მისი განმარტებით, აღნიშნული პროექტი ახალგაზრდებს საშუალებას აძლევს გააქტიურდნენ, გამართონ დისკუსიები და შეხვედრები, მონაწილეობა მიიღონ სხვადასხვა სახის რეფორმების განხორციელებაში და სხვა.

,,ჩემთვის სასიამოვნო და სასიხარულოა, რომ ვესწრები ამ ღონისძიებას. ეს ნამდვილად ძალიან კარგი წამოწყებაა, რომელსაც ნიდერლანდების საელჩო აფინანსებდა და მხარს უჭერდა. ეს მიმართულება გულისხმოს ახალგაზრდების ჩართულობას და დაიტერესებას. მნიშვნელოვანია ის რომ ახალგაზრდებმა დაიწყონ ფიქრი საკუთარი ქვეყნის განვითარებაზე, გამართონ შეხვედრები და დისკუსიები. ჩვენ მხარს ვუჭერთ სამოქალაქო საზოგადოების განვითარებას, ადამიანის უფლებისა და თავისუფლებების დაცვას. ამ კუთხით მთელს მსოფლიოში ვმუშაობთ და საქართველოშიც მხარს ვუჭერთ სექსუალური უმცირესობების თემის, ადამიანის უფლებების დაცვას, მედიის თავისუფლებას და ჟურნალისტებისათვის უსაფრთხო გარემოს შექმნას”,- განუცხადა Knews.ge-ს ნიდერლანდების სამეფოს ელჩმა მააიკე ვან კოლდამმა.

წლების მანძილზე, EECMD-ის საქმიანობა მიზნად ისახავდა დემოკრატიის სკოლების კურსდამთავრებულთა ქსელის გაძლიერებას, პოლიტიკურ ცხოვრებაში მათი ჩართულობის გაზრდასა და ქალაქებში ანტიდემოკრატიული იდეებისა და ტენდენციების წინააღმდეგ მათ გააქტიურებას.

თელავის დემოკრატიის სკოლის კურსდამთავრებული გიორგი ბეჟანიშვილი აცხადებს, რომ სკოლა არის სივრცე, სადაც ხდება დაინტერესებული პირებისთვის ბევრი მნიშვნელოვანი ინფორმაციის მიწოდება, რომელიც შემდეგ მათ საკუთარი თავის რეალიზებაში ეხმარებათ.

,,სკოლაში გავიარეთ ძალიან ბევრი საკითხი, როგორიც არის მაგალითად სამოქალაქო აქტივიზმი, პოლიტიკური გარემო და სხვა. ვისწავლეთ თუ რა შეგვეძლო გაგვეკეთებინა ჩვენ, ადგილობრივებს იმისთვის, რომ უკეთესი გახდეს დემოკრატიული პროცესები, როგორ შევუწყოთ ხელი დემოკრატიული პროცესების განვითარებას ჩვენს გარშემო და რა ხერხები არსებობს იმისთვის, რომ უფრო მეტად გავხდეთ იმ პროცესების მონაწილეები, რომლებიც ზოგჯერ სამწუხაროდ შორს არის ჩვენგან. ასევე ვისწავლეთ, როგორ ვიყოთ ყურადღებით იმისათვის, რათა დემოკრატიამ არ განიცადოს რეგრესი და ყოველთვის იყოს ხალხის მოთხოვნებს მორგებული. ასევე, მან შეძლოს რეალური ცვლილებები მოუტანოს ქალაქის თუ ქვეყნის მოსახლეობას. ეს არის ის საკითხები რითაც მე დაინტერესებული ვიყავი”,- განაცხადა გიორგი ბეჟანიშვილმა.