შესაძლოა საწვავი ისევ გაძვირდეს
„ვისოლ პეტროლიუმ ჯორჯიას“ გენერალური დირექტორის ვასილ ხორავას ინფორმაციით, საქართველოში მომდევნო ერთი კვირის განმავლობაში საწვავი კიდევ გაძვირდება.
ამის შესახებ მან გადაცემა „საქმის კურსში“ საუბრისას განაცხადა.
მისი თქმით, „ვისოლ პეტროლიუმ ჯორჯიამ“ სექტემბრის მეორე ნახევრიდან მსოფლიოში საწვავზე გაზრდილი ფასების მიუხედავად, ადგილობრივ ბაზარზე საწვავის გაძვირებისგან მომხმარებელი არსებული მარაგების საშუალებით დაიცვა, თუმცა დღეს უკვე ფასის შენარჩუნება მზარდი ტრენდის პირობებში შეუძლებელი ხდება.
„კომპანიის არსებული მარაგების ხარჯზე, სექტემბრის მეორე ნახევრიდან დაწყებული ფასების ზრდა მომხმარებელმა ვერ იგრძნო. დღეს არსებული ნაშთებით ზაფხულის ფასების შენარჩუნების საშუალება გვაქვს. შესაბამისად, დღემდე ფასების სტაბილურობა უზრუნველვყავით.
„ჰელინიკ პეტროლიუმი“, რომელიც ჩვენი ძირითადი მომწოდებელია, მათი გემი წინა კვირას დაიცალა და დასაწყობება მიდის, ამიტომ შიდა ბაზარზე საწვავზე ფასების ზრდას უნდა ველოდოთ“,- განმარტა ვასილ ხორავამ.
ცნობისთვის: ნავთობროდუქტების იმპორტიორთა კავშირის განცხადებით, ბოლო დღეებში საქართველოში საბითუმო ბაზარზე საწვავის ფასის მნიშვნელოვანმა ზრდამ, არაბრენდირებულ გასამართ სადგურებზე საწვავი გააძვირა.
დღეისათვის საწვავის საშუალო ფასები ბრენდირებულ გასამართ სადგურებზე შეადგენს:
რეგულარის ტიპის ბენზინი – 2,81-3,09 ლარი/ლიტრაზე;
პრემიუმის ტიპის ბენზინი – 3,07-3,18 ლარი/ლიტრაზე;
სუპერის ტიპის ბენზინი – 3,15-3,26 ლარი/ლიტრაზე;
ევრო დიზელის საწვავი – 2,87-3,07 ლარი/ლიტრაზე;
დიზელის საწვავი – 2,64-2,99 ლარი/ლიტრაზე;
Pingback: საქართველოში საწვავი ისევ გაძვირდა | knews.ge