ქვეყანაში საარსებო შემწეობის მიმღებ პირთა რაოდენობა 44%-ით გაიზარდა
პანდემიის დაწყების შემდეგ, საქართველოში საარსებო შემწეობის მიმღებ პირთა რაოდენობა 44.12%-ით გაიზარდა,- ამის შესახებ „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის“ (IDFI) მიერ გავრცელებულ კვლევაშია საუბარი.
ამავე კვლევის მიხედვით, 2021 წლის აგვისტოს მდგომარეობით ბენეფიციართა რიცხვია 622,923.
2019 წლიდან 2021 წლის აგვისტოს ჩათვლით, სახელმწიფომ სოციალურად დაუცველთა საარსებო შემწეობაზე ჯამში 925.3 მილიონი ლარი დახარჯა, საიდანაც პანდემიის დროს გაიცა 605.7 მილიონი ლარი.
როგორც „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტში“ აცხადებენ, მსოფლიო ბანკის სიღარიბის უახლესი პროგნოზის თანახმად, პანდემიის შედეგად გამოწვეულმა ეკონომიკურმა შოკმა, საქართველოში გააღარიბა 350,000 და აიძულა 800,000-ზე მეტი ადამიანი განიცადოს დაღმავალი მობილობა და შესაბამისად გადაინაცვლოს უფრო დაბალშემოსავლიან ჯგუფში.