ახალი ამბები

კახეთში ეპიდსიტუაცია გაუარესდა

ბოლო სამი კვირაა, კახეთის რეგიონში ეპიდსიტუაცია ყოველდღიურად უარესდება.

იზრდება როგორც ვირუსით ინფიცირების, ასევე გარდაცვალების შემთხვევებიც. დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის კახეთის განყოფილების უფროსის, ნელი ხიზანიშვილის ინფორმაციით, გაზრდილია ასევე სკოლებში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევებიც.

ეპიდემიოლოგები მოსახლეობას აცრისკენ და რეგულაციების დაცვისკენ მოუწოდებენ.

ბოლო რამდენიმე დღეა კახეთის რეგიონი ინფიცირების შემთხვევების მაღალი მაჩვენებლით ლიდერობს. გუშინ რეგიონში ვირუსის 500 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, დღეს კი ინფიცირების შემთხვევებით კახეთში თბილისისა და იმერეთის შემდეგ ყველაზე მაღალი მაჩვენებელი 294 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.

ბოლო 24 საათში ქვეყანაში ინფიცირების 1 530 შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 23 ადამიანი. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 9 269 პირი ემსხვერპლა.