მწარმოებელი- ჩვენს მიერ წარმოებული პური 20 თეთრით გაძვირდა
ზოგიერთი დასახელების პურზე ფასი გაიზარდა.
BM.GE-სთან საუბრისას პურის მწარმოებელი კომპანია „ოშხნელი და ვაჟების“ დამფუძნებელი ირაკლი ოშხნელის თქმით, პურის ფასი დახლზე დაახლოებით 20 თეთრით გაიზარდა.
„კონკრეტულად ჩვენს წარმოებაში პურის ფასის გაზრდა დაახლოებით 10 თეთრით მოგვიწია, თუმცა ამას ტრანსპორტირების და სხვა ხარჯებიც ემატება და მაღაზიებში პური გუშინდელი დღიდან 20 თეთრით არის გაძვირებული. მიზეზი ფქვილის ღირებულებაა, რომელიც კატასტროფულად არის გაზრდილი. გარდა ამისა პურის ცხობისათვის საჭირო სხვა პროდუქტების ფასიც თითქმის ყოველდღიურად იზრდება.
პურის გაძვირების სურვილი მეწარმეებს არ გვაქვს, მაგრამ ყველაფერი გაძვირდა – ფქვილი, მარილი, საფუარი, წყალი. კატასტროფა ხდება. ჩვენი წარმოება სრულად ნედლეულის და ენერგომატარებლების ღირებულებაზეა დამოკიდებული. მომატებული ღირებულებითაც კი მოგებაზე საუბარი ზედმეტია“, – განმარტა მწარმოებელმა.
აღსანიშნავია, რომ პურზე ფასის ზრდა ფიქსირდება სხვა რეგიონებშიც.