ნელი ხიზანიშვილი-კახეთის სკოლებში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევები გაიზარდა
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის ეროვნული ცენტრის კახეთის განყოფილების უფროსის, ნელი ხიზანიშვილის ინფორმაციით, მესამე დღეა კახეთში ეპიდემიოლოგიური ვითარება გართულდა.
მისი თქმით, გაიზარდა სკოლებში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევებიც.
,,სკოლებში კორონავირუსის უკვე ათეულობით შემთხვევა ფიქსირდება. გაიზარდა ჰოსპიტალიზაცია და ლეტალობის მაჩვენებელიც. რეგიონის საჯარო სკოლებსა და ბაღებში, კოვიდ- 19-ის შემთხვევები მკვეთრად მომატებულია. ჩვენ დამატებით რეგულაციები შევიმუშავეთ, სკოლებს შესაძლებლობა აქვთ, ყოველ ინდივუდულურ შემთხვევაში მიიღონ სათანადო გადაწყვეტილება. ასევე მობილობის შესამცირებლად, სკოლას შეუძლია გამოიყენოს ჰიბრიდული სწავლება და ამ გზით ვირუსის გავრცელება აიცილოს თავიდან. გურჯაანშიც ასეთი რეკომენდაციაა გაცემული, რომ კონკრეტული კლასები გადაიყვანონ ონლაინ-სწავლების რეჟიმზე, იმისათვის, რომ საგანმანათლებლო პროცესი არ ჩაიშალოს. სამწუხაროდ, ვაქცინაციის მაჩვენებელი ძალიან შემცირდა და მშობლების დიდი უმრავლესობა აუცრელია”– განაცხადა ხიზანიშვილმა.
შეგახსენებთ, დღეს გურჯაანის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლაში კორონავირუსით ინფიცირების ჯგუფური შემთხვევები, სოფელ ახაშნისა და ჩუმლაყის სკოლებში დაფიქსირდა. კოვიდ-19 სულ 16 მოსწავლეს დაუდასტურდა. ინფიცირების შემთხვევა გამოვლინდა ლაგოდეხის მესამე საჯარო სკოლაშიც, სადაც ორი მოსწავლე და ერთი პედაგოგი კოვიდ- 19-ით დაავადდა.