ახაშენისა და ჩუმლაყის სკოლებში კორონავირუსით ინფიცირების 16 შემთხვევა დაფიქსირდა
გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფლების, ახაშენისა და ჩუმლაყის საჯარო სკოლებში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 16 შემთხვევა დაფიქსირდა.
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის კახეთის განყოფილების უფროსის ნელი ხიზანიშვილის განცხადებით, სკოლებში მობილობის შესამცირებლად დაწესებულებას შეუძლია გამოიყენოს ჰიბრიდული სწავლების ფორმა და ამ გზით ვირუსის გავრცელება აიცილოს თავიდან.
,,გურჯაანშიც ასეთი რეკომენდაციაა გაცემული, რომ კონკრეტული კლასები გადაიყვანონ ონლაინ-სწავლების რეჟიმზე, რათა საგანმანათლებლო პროცესი არ ჩაიშალოს. სამწუხაროდ, ვაქცინაციის მაჩვენებელი ძალიან შემცირდა და მშობლების დიდი უმრავლესობა აუცრელია. დღეს გურჯაანის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლაში კორონავირუსით ინფიცირების ჯგუფური შემთხვევები, სოფელ ახაშენისა და ჩუმლაყის სკოლებში დაფიქსირდა. კოვიდ-19 სულ 16 მოსწავლეს დაუდასტურდა. ინფიცირების შემთხვევა გამოვლინდა ლაგოდეხის მესამე საჯარო სკოლაშიც, სადაც ორი მოსწავლე და ერთი პედაგოგი კოვიდ- 19-ით დაავადდა”,– განაცხადა ხიზანიშვილმა.