ლაგოდეხი 50 წლის წინ – ვიდეო
სოციალურ ქსელში ვრცელდება 50 წლის წინ გადაღებული ვიდეო კადრები, რომელიც ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის ცხოვრებას ასახავს.
გიორგი ბოკერიამ ბიძის, ზურაბ ბოკერიას მიერ გადაღებული ძველი ფირები გააციფრულა და ახალი სიცოცხლე შესძინა. როგორც თავად გვიყვება, ვიდეო კადრები დაახლოებით 50 წლის წინაა გადაღებული.
,,ზურაბ ბოკერია გახლდათ ჩემი ბიძა, რომელიც წლების მანძილზე ლაგოდეხში ექიმი იყო, პოლიკლინიკების გაერთიანების გამგე. მას აგრეთვე მრავალმხრივი ინტერესი გააჩნდა. ჰქონდა საკუთარი კამერა და ფირზე ლაგოდეხის მაშინდელ ყოფას ასახავდა. გადაღებული აქვს საოჯახო კადრებიც. ეს რაც ჯერ-ჯერობით გაციფრულდა გავაკეთეთ თბილისში.
ძალიან ბევრია საპირველმაისო დემონსტრაციების, თბილისში თავისი სამეგობროსი და ჯგუფელების კადრები.
ასევე, გადაღებული აქვს მხატვრული ფილმი რომლის კადრები და ბაბინები არსებობს, თუმცა სჭირდება გაციფრულება. რეჟისორიც და ოპერატორიც თავად იყო. ჩართული ჰყავდა თავისი საახლობლო. ალბათ, საინტერესო იქნება მხატვრული ფილმის კადრების ნახვაც. ფირი არ არის დაზიანებული და შეიძლება მისი გაციფრულებაც. ეს ვიდოები გადაღებულია 44–50 წლის წინ“.
აღნიშნული ვიდეო კადრების ნაწილი არის შავ–თეთრი, ნაწილი კი ფერადი. როგორც გიორგი გვიყვება, ხმის ბაბინები იყო ცალკე და ისინი დაკარგულია. შესაბამისად, ამ ვიდეოებს არ აქვს ხმა. ის იმედოვნებს, რომ მხატვრულ ფილმს ხმა ექნება და ამას გაციფრულებისას ნახავენ.
,,ვიდეოებში ჩანს კოლია ურუშაძე, ლაგოდეხში ცნობილი ექიმი. იგი ფერშალი გახლდათ სამამულო ომის დროს. საკმაოდ დიდი ხნის ექიმობის პრაქტიკა ქონდა. მკურნალობდა ქართველებს, აზერბაიჯანელებს.
ჩანს კიდევ პაპაჩემი, გიორგი (ჟორა) ბოკერია, რომელიც ლაგოდეხში ლეგენდარული პიროვნება იყო. სად არ მუშაობდა. იყო მოსამართლეც, რამდენიმე ქარხნის დირექტორი, მათ შორის მექანიკური ქარხნის. ასევე ატეკის დირექტორი. დაახლოებით 60 ადგილზე ქონდა ნამუშევარი.
ჟორა ბოკერიამ 1963 წელს შემთხვევით იპოვა ომში დაკარგული ძმა, რომელიც ლონდონში ცხოვრობდა. 1964 წელს ვიზით გაემგზავრა ლონდონში მეუღლესთან ერთად და მოინახულეს თავისი ძმა, ალექსანდრე. როგორც აღმოჩნდა იგი მაიორი იყო, რომელიც ტყვეობიდან გაიქცა. ჯერ საფრანგეთში ცხოვრობდა და შემდეგ კი ინგლისში დასახლდა. ძალიან საინტერესო ისტორიაა. ალექსანდრე ლონდონში ჯერ ქართველმა ჟურნალისტმა ნახა, შემდეგ შემთვევით სუფრაზე პაპაჩემს შეხვდა და უთხრა შენი მოგვარე ვნახე ლონდონშიო. პაპაჩემმა არ დაიჯერა, რადგან ძმა ომში დაღუპული ეგონა, მაგრამ მერე მაინც მიწერა. ასე შეხვდნენ ერთმანეთს ძმები.
ფირზე კიდევ ჩანს ბადრი სამარგულიანი, ისიც საკმაოდ ცნობილი პიროვნება. წლების მანძილზე იყო ლაგოდეხის ცენტრალური სტადიონის ,,ჰერეთისა” და ბაზის დირექტორი.
ფირზე ასევე დაფიქსირებულია მამაჩემი ნუკრი ბოკერია, რომელსაც მთელი ლაგოდეხი იცნობს. წლების მანძილზე მხატვარი იყო და თავის დროზე პრეფექტის მოადგილე”.
სამომავლოდ გიორგი ბოკერია სხვა ვიდეო ფირების გაციფრულებასაც აპირებს.