არჩევნებიარჩევნები 2020ახალი ამბები

საქართველოში თვითმმართველობის არჩევნები დასრულდა – ყველა საარჩევნო უბანზე ხმის მიცემა შეწყდა

საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები დასრულებულია.

საარჩევნო პროცესი ზუსტად 20:00 საათზე შეწყდა და შესაბამისად, უბნებიც დაიხურა. ახლა საარჩევნო კომისიები ბიულეტენების დათვლას იწყებენ.

ამომრჩევლებმა ხმა 73 საარჩევნო ოლქის 3 743 უბანზე მისცეს, საიდანაც 9 პენიტენციური და 70 სპეციალური, ე.წ. კოვიდუბანი იყო.

ამომრჩევლებმა დღეს 64 მერი და 64 საკრებულოს 2 068 წევრი (როგორც პროპორციული, ისე მაჟორიტარული წესით) აირჩია. საარჩევნო უბნები 07:00 საათზე გაიხსნა, ხმის მიცემა კი 08:00 საათზე დაიწყო.

მერის არჩევნებში ის კანდიდატი გაიმარჯვებს, რომელიც არჩევნებში ამომრჩეველთა ხმების 50%-ზე მეტს მიიღებს. ამასთან, საარჩევნო რეფორმის შედეგად, 40%-იანი ბარიერი მოქმედებს საკრებულოების მაჟორიტარი წევრების ასარჩევად.

მუნიციპალიტეტებში, გარდა თბილისისა, დადგენილია პროპორციული სისტემით არჩევის 3%-იანი ბარიერი. თბილისის საკრებულოში კი, პროპორციული წესით მანდატები მხოლოდ იმ საარჩევნო სუბიექტებზე განაწილდება, რომლებიც ხმების არანაკლებ 2.5%-ს მიიღებენ.

2021 წელს არჩეული ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები უფრო მეტად პროპორციული იქნება – თვითმმართველ ქალაქებში: თბილისში, ქუთაისში, რუსთავში, ფოთსა და ბათუმში თანაფარდობა საკრებულოს წევრებისა ოთხი ერთზე იქნება, ხოლო სხვა მუნიციპალიტეტებში თანაფარდობა იქნება ორი ერთზე.

2 ოქტომბრის ადგილობრივ არჩევნებში ამომრჩეველი მერებსა და საკრებულოებს 4-წლიანი უფლებამოსილების ვადით აირჩევს.

ცესკო-ს ინფორმაციით, ამომრჩეველთა ერთიან სიაში 3 513 884 ამომრჩეველი იყო რეგისტრირებული. 17:00 საათის მონაცემებით, საქართველოში ამომრჩეველთა აქტივობამ 41.35% შეადგინა, რაც რაოდენობრივად 1 446 218 ამომრჩეველია.