თელავის მე-17 საარჩევნო ოლქში 3 საჩივარია დაწერილი
თელავის მე-17 საოლქო საარჩევნო ოლქში სამი საჩივარია დაწერილი.
საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის, რევაზ გაიპარაშვილის თქმით, ორივე საკითხი რაზედაც საჩივარი დაიწერა, მოგვარებულია.
,,ერთი საჩივარი ეხებოდა იმას, რომ ერთ-ერთმა დამკვირვებელმა ამომრჩეველს კაბინაში ტელეფონი მიაწოდა, მეორე საჩივარი კი ეხებოდა იმას, რომ ერთ-ერთ უბანზე რეგისტრატორმა ორი ერთნაირი ბიულეტენი გადასცა ამომრჩეველს. მესამე საჩივარი კი ეხებოდა იმას, რომ კომისიის წევრს, რომელიც ასევე ამომრჩეველიც არის უბანზე, ორი ბიულეტენი ეკუთვნოდა და ამის მაგივრად მისცეს სამი ბიულეტენი. ძირითადად ეს დარღვევები იყო, მთლიანობაში კი მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს არჩევნები”,- განუცხადა knews.ge-ს რევაზ გაიპარაშვილმა.
თელავის მე-17 საარჩევნო ოლქში დაფიქსირებულ დარღვევებზე წერს „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო.” ორგანიზაციის ინფორმაცით, #17 თელავის საარჩევნო ოლქის #6 უბანზე კომისიის წევრები ჩვენს დამკვირვებელს ხელს უშლიდნენ ვიდეოგადაღებაში, ასევე, გარკვეული პერიოდის განმავლობაში არ იბარებდნენ საჩივარს.
#17 თელავის საარჩევნო ოლქის #6 უბანზე ასევე სადამკვირვებლო ორგანიზაცია „საზოგადოებრივი აზრის შემსწავლელი ცენტრის” დამკვირვებელი კენჭისყრის კაბინაში მიყვებოდა ამომრჩეველს, ამ შემთხვევის კამერით დაფიქსირება სცადა ჩვენმა დამკვირვებელმა, რისი საშუალებაც კომისიის წევრებმა არ მისცეს და დაემუქრნენ გაძევებით. ამ ორგანიზაციის დამკვირვებელმა, მას შემდეგ რაც კაბინაში ვერ შეყვა ამომრჩეველს, ამომრჩეველს კაბინაში საკუთარი ტელეფონი მიაწოდა.