ახალი ამბები

გურჯაანის ცენტრალური პარკის რეაბილიტაცია ოქტომბერში დასრულდება- ფოტოები

გურჯაანის განახლებული ცენტრალური პარკი ოქტომბრიდან გაიხსნება.

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფორმაციით, პროექტის ფარგლებში, პარკის ტერიტორიაზე მიმდინარეობს დასასვენებელი ზონების, ბავშვთა ატრაქციონების მოწყობა, საზაფხულო კინოთეატრისა და ამფითეატრის სარეაბილიტაციო სამუშაოები, სპორტული მოედნის მშენებლობა.

უწყებაში განმარტავენ, რომ გურჯაანის ცენტრალური დასასვენებელი პარკის საერთო ფართობი 9 ჰექტარია.

,,პარკში განახლდება მწვანე საფარი, მოეწყობა საფეხმავლო ბილიკები და ბორდიურები, დამონტაჟდება განათების ბოძები, განთავსდება სკამები და სანაგვე ურნები, პარკი დაიყოფა სხვადასხვა ტიპის სპორტული და კულტურული დანიშნილების სივრცეებად და შეემატება მრავალფუნქციური რეკრეაციული ზონა. სარეაბილიტაციო სამუშაოები 2021 წლის ოქტომბერში დასრულდება.
პროექტის დასრულების შემდეგ, გურჯაანის განახლებული პარკი დაიბრუნებს ისტორიულ ფუნქციას და კულტურული თუ სპორტული ღონისძიებების ჩატარების აქტიური სივრცე გახდება
პროექტს ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი ევროპის საინვესტიციო ბანკის დახმარებით ახორციელებს და მისი ღირებულება დაახლოებით 3.6 მილიონი ლარია. პარკის სარეაბილიტაციო სამუშაოებს ქართული კომპანია „ენ სი სი“ ასრულებს”,
– აცხადებენ სამინისტროში.