გურჯაანში მოქმედი ეკოტურისტული მეურნეობა CENN-ის კონკურსის გამარჯვებული გახდა
ეკოტურისტული მეურნეობა Melaanian Vintage – Guest House-ი CENN-ის კონკურსის “ქალი მეწარმე მდგრადი ტურიზმის სექტორში” გამარჯვებულია. კომპანიამ მე-3 საპრიზო ადგილი მოიპოვა საუკეთესო მწვანე ტურისტული ობიექტის კატეგორიაში.
CENN-ის ცნობით, Melaanian Vintage – Guest House აერთიანებს რამდენიმე ტიპის მომსახურებას, რომელიც ეყრდნობა ეკო პრინციპებს. Melaanian Vintage-ის დამფუძნებელი თეონა თაბორიძე ამბობს, რომ კომპლექსის ერთ-ერთი გამორჩეული მომსახურებაა ბიო ნატურალური ბალახოვანი ჩაის წარმოება/რეალიზება და სტუმრებისათვის შეთავაზება.
“ამ დროისათვის გვაქვს ორი სახეობის ჩაი: ასკილის კოკრების და ბარამბოს ჩაი. ორივე მათგანი მზადდება ველურ გარემოში მოპოვებული ეკოლოგიურად სუფთა ჯანსაღი ნედლეულით. გარდა სიჯანსაღისა, ჩაის აქვს სამკურნალო-გამაჯანსაღებელი თვისებები.
აღნიშნული ჩაი იწარმოება ადგილობრივ თემის ჩართულობით, გვყავს ეკო შემგროვებლები, რომლებიც გვეხმარებით სეზონურად ნედლეულის მოპოვებასა და მის საბოლოო პროდუქტად ქცევაში. სოფელში ამ მიმართულების წინ წამოწევა რამდენიმე ოჯახის სოციო-ეკონომიკურ მდგომარეობას აუმჯობესებს. ასევე, ზოგადად, ადგილობრივებს ეძლევათ მოტივაცია ბიო-ნატურალური და ტყის რესურსებზე დაფუძნებული პროდუქცია აწარმოონ. ამ ყველაფერთან ერთად მაღლდება მათი თვითშეგნება და ცნობიერება გარემოს დაცვით პრინციპებსა და ჯანსაღი ეკოსისტემის შექმნის მიმართულებებით”,- ამბობს თეონა თაბორიძე.
კონკურსი გახორციელდა CENN-ის მიერ, USAID-ის ევროპისა და ევრაზიის ბიუროს, ეკონომიკური განვითრების, მმართველობისა და საწარმოთა ზრდის (EDGE) პროექტის მიერ გამოყოფილი გრანტის ფარგლებში.