ახალი ამბები

სოფელ რუისპირში მცხოვრები ახალგაზრდას 3D ნახატები

თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ რუისპირში მცხოვრები 28 წლის ნელი ბაჩიაშვილი ხელნაკეთ ნივთებს ამზადებს. ის სხვადასხვა სახის თექის, მინანქრის, თიხის ნამუშევრებს ქმნის და ინტერნეტის საშუალებით ყიდის.

ხელნაკეთი ნივთების გარდა, ახალგაზრდამ თავისი საქმიანობის მრავალფეროვნებისთვის 3D ნახატების შექმნა დაიწყო და როგორც თავად ამბობს, ამან საზოგადოების დიდი დაინტერსება გამოიწვია.

,,ყოველთვის მინდოდა ბარელიეფის გაკეთება კედელზე ან ნახატი 3D სტილში. თავიდან ვფიქრობდი თიხისგან გამეკეთებინა, ბევრი იდეა მიტრიალებდა თავში. ერთხელ ერთ-ერთმა დამკვეთმა მომაწოდა ვაჟას ფოტო, უნდოდაის თექისგან და აქ უკვე ჩავრთე ჩემი იდეა ბარელიეფურ ნახატთან დაკავშირებით. გამოვიდა ბოლოს 3D ნამუშევარი თექისგან. ნახატს თვალები მეტყველი აქვს თიხისგან გაკეთებული. მასზე ორი თვე ვიმუშავე. დამკვეთი არის ქართველი, მაგრამ საქართველოში არ ცხოვრობს. მაშინ მომეცა შანსი რაღაც ახალი მეცადა”,– განუცხადა knews.ge-ს ნელი ბაჩიაშვილმა.

ახალგაზრდის განმარტებით, ის გეგმავს ამ მიმართულებით აქტიური მუშაობის დაწყებას, რადგან ამან საზოგადოების დაინტერესება გამოიწვია.

,,კიდევ მაქვს გეგმაში მსგავს სტილში ვიმუშავო ქართულ ისტორიულ თემატიკაზე ან ნაწარმოებებიდან სცენებზე. თექით აქამდე ნახატი არ შემიქმნია, მხოლოდ ვერთობოდი სათამაშოების კეთებით”,- აცხადებს ნელი ბაჩიაშვილი.

ნელის განცხადებით, თეგისგან ნივთების გაკეთებით 5 წლის ასაკიდან დაინტერესდა და მას შემდეგ ამ საქმიანობით არის დაკავებული. იგი ამბობს, რომ ბავშვობაში თოჯინებით თამაშის მაგივრად სხვადასხვა სახის ნივთებს ძერწავდა, რომელიც დროთა განმავლობაში დახვეწა.

,,5 წლის ვიყავი პირველი, ადამიანის მსგავსი ფიგურა რომ გამოვძერწე. შემდეგ ნელ-ნელა თამაშში რაღაცებს ვძერწავდი. ყოველი ახალი ფიგურა წინასთან შედარებით დახვეწილი იყო. ასე მივედი 24 წლამდე. შემდეგ ტიხრული მინანქარიც შევისწავლე და გავაგრძელე მუშაობა ამ მიმართულებითაც. თექის ნამუშევრების გაკეთებით მოგვიანებით დავინტერესდი.
ეს მე თვითონ როცა მომეწონა, დავდე ჯგუფში, ისე უბრალოდ შეფასებისთვის და წამოვიდა ბევრი კომენტარი. ასევე დაისვა კითხვები ხომ არ ვყიდდი და ვიფიქრე რატომაც არა-მეთქი. ასე დაიწყო გაყიდვები. შემდეგ ჩემი პირადი გვერდი გავაკეთე და ვმუშაობ დღემდე.

შეკვეთას ვიღებ სპეციალურად შექმნილ გვერდზე ან პირად შეტყობინებაში მწერენ, ვაკეთებ ნივთს, ხდება თანხის გადმორიცხვა და ვაგზავნი ფოსტით. ბევრი მიკვეთავს საკუთარი შინაური ცხოველის თექის ფიგურას. თუ ადამიანის ფიგურას ვაკეთებ, მაშინ თიხას ვიყენებ. ასე შერეულ მასალაში მუშაობაც ძალიან საინტერესოა. ყველაზე მთავარი ჩემთვის არის ის, რომ მყიდველი იყოს კმაყოფილი და მართლა მოწონდეს ის რასაც ყიდულობს. ამიტომ როდესაც არის შეკვეთა მსგავსებაში, იქამდე ვმუშაობ ნივთზე დამკვეთთან ერთად, სანამ შედეგამდე არ მივალთ”,- აცხადებს knews.ge-სთან საუბრისას ნელი ბაჩიაშვილი.

ახალგაზრდა აცხადებს, რომ სამომავლოდ დაგეგმილი აქვს კოლექციის გაკეთება ერთი კონკრეტული მულტფილმიდან ყველა პერსონაჟის, რომლის ნახვა ნებისმიერ მსურველს შეეძლება.

სოფელ რუისპირში მცხოვრები 28 წლის ნელი ბაჩიაშვილის შექმნილი ხელნაკეთი ნივთები – ფოტოები