ახალი ამბები

სუბსიდირება ქართული მევენახეობა-მეღვინეობის განადგურებაა – თამაზ ომანაძე

“სუბსიდირება ქართული მევენახეობა-მეღვინეობის განადგურებაა.” – ამის შესახებ მეღვინემ, “ხომლის მარნის” დამფუძნებელმა თამაზ ომანაძემ განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, ქვეყანაში მაღალი ხარისხის ყურძენი გაუყიდავი არ დარჩება, ხოლო სახელმწიფო ამ ფორმით კერძო ბიზნესში არ უნდა ერეოდეს, რადგან ქვეყანა სუბსიდირების შედეგებს მომავალში მოიმკის.

“სახელმწიფოს ჩარევაზე როდესაც ვსაუბრობ, აქ რა თქმა უნდა გამანადგურებელ სტიქიებს არ ვგულისხმობ, სადაც ბიზნესის თანადგომა საჭიროა. სახელმწიფო სუბსიდირების შეწყვეტას ყოველ წელს აანონსებს და შემდგომ მაინც ყოველთვის აგრძელებს. სახელმწიფო ქართულ მევენახეობა-მეღვინეობას ანადგურებს.

სუბსიდირების შედეგებს მომავალში უფრო მეტად მოვიმკით და შედეგებს უკვე ვხედავთ. ეს განადგურებაა და არა ხელის შეწყობა. მომავალი წლიდან უნდა შეწყდეს სუბსიდირება, ბევრი მეღვინე მეთანხმება, ვინც მომავლისკენ იხედება. კეთილი ინებონ, ვისაც ხელეწიფება გადაწყვეტილებების მიღება და მომდევნო წლებზე იფიქრონ”, – განმარტა თამაზ ომანაძემ.