ახალი ამბები

ყვარელში მცხოვრები 27 წლის ახალგაზრდის ხელნაკეთი ნივთები- ფოტოები

ყვარლის მუნიციპალიტეტში მცხოვრები 27 წლის ნიკა გაგლოშვილი მეოთხე წელია ხელნაკეთ ნივთებს და სუვენირებს ამზადებს. ის პროფესიით არქიტექტორია, თუმცა იმის გამო, რომ ამ სფეროში სამსახური ვერ იშოვა, გადაწყვიტა საყვარელი საქმე ბიზნესად ექცია.

ახალგაზრდა Knews.ge-სთან საუბრისას აღნიშნავს, რომ ხატვა და სხვადასხვა ნივთებს ბავშვობიდან აკეთებდა.

მისი განმარტებით, ბიზნესი 300 ლარით დაიწყო და ამ დროისთვის მისი ნამუშევრები, რომელიც სხვებისგან სტილით და დიზაინით არის განსხვავებული, ყველა დამთვალიერებლის მოწონებას იმსახურებს.

,,პროფესიით ვარ არქიტექტორი, თუმცა ამ მიმართულებით არ ვმუშაობ. სამწუხაროდ მაგ სფეროში სამსახური ვერ ვიშოვე. ვფიქრობ, ბევრ საინტერესო პროექტს შევქმნიდი. სწორედ ამიტომ წამოვიწყე ჩემი საქმე და შევუდექი ხელნაკეთი ნივთების დამზადებას. ეს არის ჩემი ჰობი, რომელიც ამ ეტაპზე ძირითად საქმედ იქცა. ყოველთვის მაინტერესებდა ხელოვნება. ბავშვობიდან ვხატავდი, ხელნაკეთ ნივთებსაც ვაკეთებდი სკოლის გამოფენებისთვის. მაგალითად ხის ურემი, ატომისა და მოლეკულის მოდელები, სამკაულები, სათამაშოები და ა.შ. სწორედ ეს ნივთები იყო ჩემი პირველი ნახელავები. ეს საქმიანობა 3-4 წლის წინ დავიწყე 300 ლარით და ამ პერიოდში საკმაოდ ბევრი შეკვეთაც მივიღე”,- განუცხადა knews.ge-ს ნიკა გაგლოშვილმა.

ახალგაზრდა ხელოვანი აღნიშნავს, რომ ნივთებს ძირითადად პოლიმერული თიხით აკეთებს, საჭირო მასალას კი თბილისში ყიდულობს. ნიკას თქმით, ნამუშევრებს ინტერნეტის საშუალებით ყიდის.

,,ძირითადად პოლიმერული თიხით ვმუშაობ. ასევე ვიყენებ ხეს, ლითონს და სხვა მასალას. ერთი ნივთის დამზადებას 1 ან 2 დღე ესაჭიროება, გააჩნია რას ვამზადებ. ზოგიერთს რამდენიმე საათშიც ვაკეთებ. ძირითადად ინდივიდუალურ შეკვეთებზე ვმუშაობ და ვამზადებ იმას რაც დამკვეთებს სურთ, მაგრამ ასევე ჩემი სურვილით და ფანტაზიითაც ვქმნი ნივთებს სხვადასხვა თემატიკით. ამიტომ ჩემს გვერდზე ორიგინალური ხელნაკეთი საჩუქრების მრავალფეროვნებაა. საჭირო მასალას თბილისში ვყიდულობ. კახეთში არ არის მსგავსი მაღაზია, სადაც ყველაფრის ყიდვას შევძლებდი.
რადგან ამ კუთხით აქტიური მუშაობა დავიწყე, Facebook-ზე გავაკეთე გვერდი ,,განი•Gani handmade” , სადაც ვდებ დამზადებული ნივთების ფოტოებს და ვახდენ რეალიზაციას. შეკვეთებსაც მისი საშუალებით ვიღებ, ვაგზავნი როგორც საქართველოში, ასევე ქვეყნის ფარგლებს გარეთაც. ნივთებსაც ვამზადებ, ფოტოებსაც ვიღებ, რეკლამასაც თავად ვაკეთებ და ყველა საქმე შევითავსე”,– განაცხადა ნიკა გაგლოშვილმა.

ახალგაზრდა განმარტავს, რომ პანდემიამ მის საქმიანობაზეც მოახდინა გავლენა, თუმცა საქმე არ შეუწყვეტია და დღემდე აგრძელებს. ნიკას თქმით, მისთვის მნიშვნელოვანია ხარისხი და ნივთების დამზადებისას სწორედ ამას აქცევს ყურადღებას.

,,პანდემიამ ისევე როგორც სხვებზე, ჩემს საქმიანობაზეც უარყოფითი გავლენა იქონია. განსაკუთრებით პირველი ტალღის დროს, როდესაც ქვეყანა ჩაიკეტა, შეკვეთებიც შეჩერდა. ხალხი უფრო პროდუქტებს იმარაგებდა ვიდრე საჩუქრებს. შემდეგ ვისწავლეთ კოვიდთან ერთად ცხოვრება, ამოძრავდა ქვეყანაც და მეც განვაახლე ნივთების დამზადება. შეკვეთები საკმაოდ ბევრი მაქვს. დღესასწაულებზე გაცილებით მეტი.

ხან იმდენი შეკვეთაა, ვერ ვასწრებ, მაგრამ მაქსიმალურად ვცდილობ რაც შეიძლება ბევრი დავამზადო და ბევრი ადამიანი გავახარო. ჩემთვის მნიშვნელოვანია ხარისხი და ამიტომ ყველა დეტალს ვაკვირდები, სულსა და გულს ვდებ თითოეულ ნაშრომში, რათა მაქსიმალურად კარგი და დახვეწილი გამოვიდეს. ბაზარზე ბევრი ხელნაკეთი ნივთებია, ამიტომ მოთხოვნადი რომ იყოს ჩემი ნივთები, ყოველთვის ვცდილობ ხარისხი და ორიგინალურობა შევინარჩუნო.

სამომავლო გეგმაა უფრო მეტად განვითარება და ცნობადობის გაზრდაა, რომ უფრო მეტმა ადამიანმა შეიტყოს ჩემს შესახებ. მთავარია არ გავჩერდე.
როგორც ილია ჭავჭავაძე ამბობდა: ,,მოძრაობა და მარტო მოძრაობა არის, ჩემო თერგო, ქვეყნის ღონისა და სიცოცხლის მიმცემი ”,
-აცხადებს ნიკა.

ახალგაზრდა ხელოვანი სამომავლოდ საქმიანობის გაფართოვებას გეგმავს.