სოფელ კურდღელაურში, ,,ნაციონალური მოძრაობის” კანდიდატის საარჩევნო ბანერი დააზიანეს
თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ კურდღელაურში, ,,ნაციონალური მოძრაობიდან” თელავის საკრებულოს წევრობის კანდიდატის, გიგი გიგიტელაშვილის საარჩევნო ბანერი დააზიანეს.
გიგი გიგიტელაშვილის ინფორმაციით, შემთხვევა სავარაუდოდ გუშინ ღამით მოხდა. მისივე განმარტებით, დაზიანებულია მცირე ზომის პლაკატებიც.
,,ჩემთვის დილით გახდა ცნობილი, რომ დააზიანეს ჩემი ბანერი სოფელ კურდღელაურში, რომელიც რამდენიმე დღის წინ განვათავსეთ. ამის გამკეთებლებს ეშინიათ არჩევნების წაგების და ეს არის მათი უნიათობის გამოხატულება. გარდა ამისა, სოფელში პატარა პლაკატები დააზიანეს. ეს მაფიქრებინებს იმას, რომ ღამით მიზანმიმართულად გაკეთდა გარკვეული ჯგუფის მიერ”,– განუცხადა Knews.ge-ს გიგი გიგიტელაშვილმა.
მისი თქმით, ის აქტიურად აგრძელებს წინასაარჩევნო აგიტაციის ფარგლებში მოსახლეობასთან შეხვედრებს.
,,ყველას შევხვდი, მოვისმინე მათი პრობლემები და გარკვეული გეგმაც დავსახე. ასევე გამოვყავი ჩემი პრიორიტეტები რის გაკეთებასაც თელავის საკრებულოში ვაპირებ. არჩევნებამდე აქტიურად გავაგრძელებ მოსახლეობასთან შეხვედრებს”,-განაცხადა გიგიტელაშვილმა.