ნაფიც მსაჯულთა სასამართლო ზურა საჩიშვილის მკვლელობის საქმეზე საბოლოო ვერდიქტს გამოაცხადებს
ხვალ თელავში, ნაფიც მსაჯულთა სასამართლო, გახმაურებული მკვლელობის საქმეზე საბოლოო ვერდიქტს გამოაცხადებს.
12 ნაფიცი მსაჯულის გადაწყვეტილება, თელავის ცენტრალური საავადმყოფოს დირექტორის ზურაბ საჩიშვილის მკვლელობაში ბრალდებულ, პოლიციის მაღალჩინოსანს ვანო ზანდარაშვილს ეხება. გარდაცვლილი ექიმის ოჯახის წევრის აკა საჩიშვილის განმარტებით, ბრალდებულის დაცვის მხარის მცდელობის მიუხედავად, მას სამართლიანი ვერდიქტის იმედი აქვს.
“ყველა ბინძური მეთოდი გამოიყენეს, რომ ზურა ნეგატიურად წარმოეჩინათ. მოიყვანეს მოწმეები, რომლებსაც არასოდეს ჰქონიათ მასთან კავშირი და ათასი უბედურება მოაყოლეს. პროკურორსა და ჩვენს დაცვას ყველა არგუმენტი აქვს იმისათვის, რათა სამართლიანი გადაწყვეტილება დადგეს”- განაცხადა საჩიშვილმა.
სწორი ვერდიქტის იმედი აქვს ბრალდებულის დაცვის მხარესაც, რომელიც ორ კვირაზე მეტია, ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს, აფექტის მდგომარეობაში ჩადენილ მკვლელობაში არწმუნებს.
“გვაქვს იმედი, რომ მსაჯულები დავარწმუნეთ, რადგან ვანო ზანდარაშვილის მიმართ, ადგილი ჰქონდა მძიმე შეურაცხყოფას და აფექტის მდგომარეობა დადგენილია ექსპერტიზის დასკვნით”- ამბობს ადვოკატი გიორგი გაბოძე.
მკვლელობა 2020 წლის 25 დეკემბერს, სოფელ იყალთოში მოხდა. შემთხვევის დროს, გარდაიცვალა ერთი და დაიჭრა ერთი პირი. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109- ე მუხლით მიმდინარეობს, რაც დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობას გულისხმობს. ნაფიც მსაჯულთა სასამართლო თელავში 7 სექტემბრიდან მიმდინარეობს. სასამართლოს გადაწყვეტილება, საბოლოოა და გასაჩივრებას არ ექვემდებარება.