ცესკოს თავმჯდომარის მოადგილე -ჩემი ინიციატივაა საარჩევნო კაბინების კონსტრუქცია შეიცვალოს და ამომრჩევლის სილუეტი უკეთ გამოჩნდეს
ცესკოს თავმჯდომარის მოადგილე, გიორგი სიორიძე ინიციატივით გამოდის, საარჩევნო კაბინების კონსტრუქცია შეიცვალოს.
როგორც სიორიძემ ცესკო-ში გამართულ ბრიფინგზე განმარტა, კონსტრუქციის შეცვლის შედეგად უკეთ გამოჩნდება ამომრჩევლის სილუეტი, რითაც ხმის მიცემის ფარულობა გარანტირებული გახდება და გამოირიცხება საარჩევნო უბნიდან ბიულეტენების გატანის, ან ბიულეტენისთვის ფოტოს გადაღების პრაქტიკა.
„ჩემი ინიციატივით და როგორც კომისიასთან, ასევე პოლიტიკურ სუბიექტებთან და არასამთავრობო ორგანიზაციებთან კონსულტაციის შედეგად გვაქვს იდეა, რომ არსებული საარჩევნო კაბინების კონსტრუქცია შეიცვალოს და უფრო მეტად გამოჩნდეს ამომრჩევლის სილუეტი.
ფარულობა ხმის მიცემისა უნდა იყოს გარანტირებული, რაც ამცირებს და გამორიცხავს იმ მანკიერ პრაქტიკას, რომელიც დაკავშირებული იყო ბიულეტენების საარჩევნო უბნებიდან გატანასა და შემოტანასთან ე.წ. სომხურ კარუსელებთან და იმ მანკიერ პრაქტიკასთან, რომელიც დაკავშირებული იყო ადმინისტრაციულ რესურსების გამოყენებასთან, ადამიანების შანტაჟთან, რომლის კონტროლის მექანიზმიც იყო ბიულეტენის ფოტო-ვიდეო გადაღება.
ამასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება ჯერ მიღებული არ არის და ხვალინდელ იმიტირებულ არჩევნებზე მოხდება ამ საარჩევნო კაბინებით ხმის მიცემა“, – აღნიშნა გიორგი სიორიძემ.