ლაგოდეხში პოლიტიკური გაერთიანების „მესამე ძალა“ მერობის კანდიდატი მალხაზ ნოზაძე იქნება
ლაგოდეხის საარჩევნო ოლქში პოლიტიკური გაერთიანების „მესამე ძალა“ მერობის კანდიდატი მალხაზ ნოზაძე იქნება. მალხაზ ნოზაძე მუნიციპალიტეტის მერიის აუდიტის სამსახურის ყოფილი უფროსია.
„უნდა გავარღვიოთ ეს წრე, რომ მხოლოდ „ქართული ოცნება“ და „ნაციონალური მოძრაობა“ არის ქვეყანაში. ამიტომ დავარქვით მესამე ძალა და ჩვენ შევქმენით რეალური ალტერნატივა“, – განაცხადა „მესამე ძალის“ ხელმძღვანელმა, გიორგი ვაშაძემ კანდიდატის წარდგენისას.
მალხაზ ნოზაძე, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერიის აუდიტის სამსახურში, რამდენიმე წლის განმავლობაში მუშაობდა. მან თანამდებობა პირადი განცხადების საფუძველზე, ერთი წლის წინ დატოვა.
გიორგი ვაშაძემ, ლაგოდეხელ ამომრჩეველს, საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატებიც გააცნო. ლაგოდეხში მერობის დამოუკიდებელმა კანდიდატმა, ზურა ჯაფარიძემ, რომელსაც ყველა ოპოზიციური პარტიის მხარდაჭერა ჰქონდა, კანდიდატურა, ორი კვირის წინ მოხსნა. „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატი, კი მოქმედი მერი ჯონდო მდივნიშვილია.