თელავში ახალგაზრდებმა სოციალური კამპანია – “თელავისთვის” დაიწყეს
თელავის მუნიციპალიტეტში მცხოვრებმა ახალგაზრდებმა სოციალური კამპანია -“თელავისთვის” დაიწყეს.
ინიციატივის ფარგლებში ახალგაზრდებმა შეიმუშავეს მოსახლეობის გამოკითხვისთვის სპეციალური ფორმა, სადაც ნებისმიერ მსურველს ექნება საშუალება მიიღოს მონაწილეობა გამოკითხვაში და ქალაქში არსებულ პრობლემებსა თუ გამოწვევებზე საუბარი.
ახალგაზრდების თქმით, აღნიშნული იდეა თელავის სამაგიდო თამაშების კლუბში დაიბადა და მისი მიზანია ქალაქში არსებული პრობლემების გამოვლენა.
“თავიდან ყველაფერი ,,ახალი ბაღის” გამოწვევებით დაიწყო. თელავის ცენტრში არსებულ ,,ახალ ბაღში” ვითხოვდით განათებას, რომელიც დიდი ხანი არ მუშაობდა, ამის გამო კი ის სრულიად ჩაბნელებული და გამოუსადეგარი იყო. ამ პრობლემის შესახებ არაერთხელ გვისაუბრია, მაგრამ რეაგირება არ ჩანდა. ხშირად გვიხდებოდა ბაღში არსებულ გარჩევებსა და დაპირისპირებაში ჩართვა და გაშველება, როცა ახალგაზრდებს და არასრულწლოვანებს მოსდიოდათ შელაპარაკება. ვითხოვდით ბაღის განათებას და მოწესრიგებას. ამ საკითხზე ვიდეოც ჩავწერეთ და კამპანია წამოვიწყეთ #ახალიბაღისთვის. თელავის მუნიციპალიტეტის მერიამ ამ ვიდეოს ჩაწერიდან მალე აღმოფხვრა პრობლემა. ჩვენ კი საზოგადოების მხარდაჭერით შევძელით თანხის და გარე სათვალთვალო კამერების მობილიზება. ამ ეტაპზე ვმუშაობთ კამერების დამონტაჟების საკითხზე და ასევე დაგეგმილია ბაღის უკეთ მოწყობა იმ რესურსებით რაც გვაქვს ან მომავალში გვექნება.
ახლა კი საინიციატივო ჯგუფის სამიზნეს არამხოლოდ ,,ახალი ბაღი”, არამედ მთელი ქალაქი წარმოადგენს. სამოქალაქო საზოგადოებას დიდი ძალა აქვს და ერთიანობის შემთხვევაში ადგილობრივ ხელისუფლებასთან და სხვადასხვა ბიზნეს სუბიქეტებთან ერთად უფრო ადვილად და ხარისხიანად გადაიჭრება ქალაქში არსებულ პრობლემებსა და გამოწვევებს.
მანამდე კი გადავწყვიტეთ ჯერ პრობლემების იდენტიფიცირება მოვახდინოთ. ამიტომ შევქმენით მოსახლეობის ონლაინ გამოკითხვის ფორმა. მიზნად ვისახავთ 300-500 ანკეტის მობილიზებას, რათა უფრო ნათლად დავინახოთ სად რა პრობლემაა. ამასთან ანკეტის საშუალებით ვახდენთ საზოგადოების მზაობის დადგენას. სად და რაში შეუძლიათ თელაველებს ან თელავზე შეყვარებულ ადამიანებს ჩართვა და დახმარება. რა რესურსის გაღება შეუძლიათ მათ თელავისთვის”,- განაცხადა სამაგიდო კლუბის დამფუძნებელმა გიორგი ბეჟანიშვილმა.
მისი თქმითვე, მათ სამომავლო გეგმებში ასევე შედის საზოგადოებრივივი ცენტრის შექმნა, რომელიც სამომავლოდ უფრო მოქნილად და სწრაფად შეძლებს ქალაქში არსებული გამოწვევების იდენტიფიცირებას და მათ მოგვარებას.
“ჩვენ უკვე შევქმენით ჯგუფი ფეისბუქ პლატფორმაზე – თელავისთვის, რომელიც ძირითადი საინფორმაციო საშუალება გახდება ჯგუფის მიზნების, სიახლეებისა და დაგეგმილი აქტივობების თაობაზე.
ასევე გვაქვს მიმდინარე კამპანია ახალი ბაღისთვის, ანგარიშის ნომერი და კონკრეტული მიზნები. გამოკითხვის შედეგების მიღების შემდეგ ვაპირებთ ის ფართო აუდიტორიას გავაცნოთ და დავიწყოთ ღია ტიპის საჯარო დისკუსიები პრობლემების მოგავრების გზების შესახებ”,- განაცხადა გიორგი ბეჟამიშვილმა.
იხილეთ გამოკითხვა და მიიღეთ მონაწილეობა: https://form.jotform.com/212513102854445?fbclid=IwAR0K36udxesThgMqnayPUBL5z0w6Bn_XgkmbMX1Qx5Wwazaxurl9AVN61Cs