ახალი ამბები

სამინისტრო-მოსწავლეები და მასწავლებლები შეღავათიანი მობილური ინტერნეტით ისარგებლებენ

საჯარო და კერძო სკოლების მოსწავლე-მასწავლებლები შეღავათიანი მობილური ინტერნეტით ისარგებლებენ – ინფორმაციას განათლების სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და საქართველოში მოქმედ სამ მობილურ ოპერატორს – შპს „მაგთიკომს“, შპს „ვიონ საქართველოსა“ და სს „სილქნეტს“ შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა, რომლის ფარგლებში საჯარო და კერძო სკოლების მოსწავლეები და მასწავლებლები 2021-2022 სასწავლო წლის განმავლობაშიც შეღავათიანი მობილური ინტერნეტ პაკეტით სარგებლობას შეძლებენ.

„პანდემიის პირობებში დისტანციური სწავლების ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის მიზნით, მემორანდუმი ითვალისწინებს ინტერნეტ პროვაიდერების მიერ მოსწავლეებისა და მასწავლებლებისთვის 20GB მაღალხარისხიანი მობილური ინტერნეტ პაკეტის 10 ლარად შეთავაზებას, რაც სტანდარტულ ღირებულებასთან შედარებით 2.5-ჯერ ნაკლებია. აღსანიშნავია, რომ დარგის სპეციალისტების რეკომენდაციის თანახმად 20GB ინტერნეტი სრულიად საკმარისია ერთი თვის განმავლობაში ონლაინ გაკვეთილებზე დასწრებისა და შესაბამისი რესურსების მოძიებისთვის“, – აცხადებენ უწყებაში.

სამინისტროს მხრიდან მემორანდუმს ხელი მინისტრის პირველმა მოადგილე ეკატერინე დგებუაძემ მოაწერა, ხოლო მობილური ოპერატორებიდან: შპს „მაგთიკომის“ გენერალური დირექტორის მოადგილე ზურაბ ზარიძემ, შპს „ვიონ საქართველოს“ იურიდიული სამსახურის უფროსმა ირაკლი ესართიამ და სს „სილქნეტის“ კორპორატიული გაყიდვების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა მალხაზ ჟორჟიკაშვილმა.

ეკატერინე დგებუაძემ გლობალური პანდემიის პირობებში საჯარო და კერძო სექტორებს შორის თანამშრომლობის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი და მობილური ოპერატორების წარმომადგენლებს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. როგორც ეკატერინე დგებუაძემ აღნიშნა, სოლიდარობის თვალსაჩინო მაგალითს წარმოადგენს ის სოციალური პასუხისმგებლობა, რომელიც „სილქნეტმა“, „მაგთიკომმა“ და „ვიონი საქართველომ“ განათლების სფეროს მიმართ გამოიჩინეს.

უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში შეღავათიანი ინტერნეტ პაკეტით სარგებლობის წესებია განმარტებულია, რომლის მიხედვით პაკეტით სარგებლობისთვის საჯარო და კერძო სკოლების მასწავლებლებმა და მოსწავლეთა მშობლებმა (ან ოჯახის წევრებმა), სსიპ განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის (EMIS) მიერ საგანგებოდ შექმნილ პლატფორმაზე – www.mobile.emis.ge, მოსწავლის ან მასწავლებლის პირადი ნომრის მითითებით, ტელეფონის ის ნომრები უნდა დაარეგისტრირონ, რომლებზეც აღნიშნული პაკეტის გააქტიურება სურთ.

პაკეტის მოქმედების ვადა 30 დღით განისაზღვრება, ვადის ამოწურვის შემდეგ კი გამოუყენებელი მეგაბაიტები ნულდება. ვებგვერდი www.mobile.emis.ge 15 სექტემბრიდან ამოქმედდება.