თელავის მერობისთვის სამი კანდიდატი იბრძოლებს
2 ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში, თელავის მერობისთვის კანდიდატი სამმა პოლიტიკურმა პარტიამ წარადგინა.
თელავის #17-ე საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის რევაზ გაიპარაშვილის განცხადებით, კანდიდატები წარადგინეს მმართველმა პარტიამ, ნაციონალურმა მოძრაობამ და გიორგი გახარიას პარტიამ ,,საქართველოსთვის”.
,,ნაციონალური მოძრაობიდან’’ კენჭს, პარლამენტის წევრი, პარტიის კახეთის ორგანიზაციის ხელმძღვანელი გიორგი ბოტკოველი იყრის.
მმართველი პარტიიდან კი მერობის კანდიდატი იქნება ლევან ანდრიაშვილი, რომელიც შინაგან საქმეთა სამინისტროს ყოფილი თანამშრომელია.
მესამე კანდიდატი კი ყოფილი საჯარო მოხელე და თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის ყოფილი მოადგილე გიგა ორკოდაშვილია.
რევაზ გაიპარაშვილის თქმითვე, რაც შეეხება პარტიების მიერ წარდგენილ მაჟორიტარ კანდიდატებს, როგორც ქალაქ თელავში ისე თელავის სოფლებში, ძირითადად მამაკაცები არიან.
,,თელავის ოლქში პარტიების მიერ წარდგენილი მაჟორიტარი დეპუტატობის 53 კანდიდატიდან, 45 მამაკაცია, ხოლო 8 ქალი. უფრო დეტალურად რომ ვთქვათ, ,,ევროპულ საქართველოს”, ,,ერთიან ნაციონალურ მოძრაობას’’, ,,ლეიბორისტულ პარტიას’’, გიორგი გახარიას პარტიას და ,,ქართულ ოცნებას’’ ყავს წარდგენილი კანდიდატები. გენდერულ ბალანსს რაც შეეხება, სულ თითზე ჩამოსათვლელები არიან ქალბატონები.
ქალაქ თელავში ქალი კანდიდატი ყავს ,,ევროპულ საქართველოს’’, ერთი ,,ქართულ ოცნებას’’ და ერთი ,,ნაციონალურ მოძრაობას’’.
რაც შეეხება სოფლებს, ,,ევროპულ საქართველოს’’ წინანდალში, სოფელ აკურაში, შალაური -კისისხევის, რუისპირი-იყალთოს და ფშაველი-ლალისყურის ტერიტორიულ ერთეულში ყავს წარდგენილი ქალი კანდიდატები. მმართველი პარტიიდან ქალი კანდიდატი მხოლოდ სოფელ კურდღელაურში’’,- განუცხადა knews.ge-ს რევაზ გაიპარაშვილმა.